თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ავთენტიკურ უბანში, ვერაზე, ოპერირებას იწყებს ინოვაციური ურბანული პროექტი „ბარნოვი ქო-ლივინგი“, რომელიც ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე კომერციული და საცხოვრებელი სივრცეების მართვის ახალ, დასავლურ მოდელს ამკვიდრებს. პროექტი მიზნად ისახავს ძველი თბილისური ეზოების უნიკალური სოციალური ფენომენის თანამედროვე ბიზნეს-კონცეფციაში ინტეგრირებას.
როგორც BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში პროექტის მენეჯმენტმა განაცხადა, „ბარნოვი ქო-ლივინგი“ წარმოადგენს პერსონალიზებულ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების ერთობლიობას, რომელიც ინვესტორებს პასიურ, მაღალშემოსავლიან აქტივს, ხოლო მომავალ მცხოვრებლებს აქტიურ სოციალურ ეკოსისტემას სთავაზობს.
პროექტის კონცეფცია პოსტპანდემიური სამყაროს გამოწვევებსა და სოციალიზაციაზე გაზრდილ მოთხოვნას ეფუძნება. „ბარნოვი ქო-ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მურჯიკნელის განმარტებით, იდეა ევროპული Co-living და Co-working გამოცდილებისა და თბილისური ტრადიციის სინთეზია, სადაც მთავარი ღირებულება არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ ადამიანური ურთიერთობებია.
„ის, რაც ვერის უბანს ნამდვილად ახასიათებს, ეს არის თბილისური ეზოები, საერთო ემოციები და ინტერესები. ჩვენი მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, რომ ბარნოვი ქო-ლივინგის სახით ეს ემოცია დაგვებრუნებინა თბილისის უძველეს უბანში“, - აღნიშნავს მურჯიკნელი. მისი თქმით, კომპლექსი 70-მდე ინდივიდუალურ იუნითს აერთიანებს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საერთო სარგებლობის სივრცეებზე, რაც მცხოვრებლებს შორის მუდმივ ინტერაქციასა და საქმიან კავშირებს უწყობს ხელს.

საინვესტიციო კუთხით, პროექტი buy-to-let (შეიძინე გასაქირავებლად) მოდელის დახვეწილ ვერსიაზეა აგებული, სადაც მესაკუთრე სრულად თავისუფლდება ადმინისტრირების ტვირთისგან. როგორც პროექტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, კომპლექსის მართვას მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში შემავალი, უმსხვილესი ევროპული ბრენდი განახორციელებს, რაც აქტივის სტაბილურ ღირებულებასა და მაღალ დატვირთულობას უზრუნველყოფს.
„მომხმარებელი სივრცის შეძენის შემთხვევაში ხდება ძალიან ცნობილი საერთაშორისო ბრენდის ბიზნესპარტნიორი. თქვენ არ აკეთებთ არაფერს, თქვენს ნაცვლად პროცესებს მართავს ბევრად გამოცდილი გუნდი, თქვენ კი იღებთ მზარდ და სტაბილურ შემოსავალს“, - განმარტავს „ბარნოვი ქოლივინგის“ გაყიდვების დირექტორი ხატია კორკელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ინვესტორებს გადახდის მოქნილ გრაფიკს სთავაზობს: ღირებულების 20%-ის გადახდა ხდება მშენებლობის პროცესში, ხოლო დარჩენილი 80% - პროექტის დასრულების შემდეგ იფარება. საინტერესოა ისიც, რომ ფინანსური პროგნოზები ევროპული ბაზრის ანალოგიურ, წარმატებულ მაგალითებს ეყრდნობა. საერთაშორისო მენეჯმენტის ჩართულობა და ქოლივინგის კონცეფცია, გიორგი მურჯიკნელის განმარტებით, მყარ გარანტიას ქმნის მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებისთვის.

„საუბარია 12-13%-იან წლიურ უკუგებაზე (ROI). ამას ჩვენ არ ვიგონებთ. მენეჯმენტ კომპანია არის ევროპაში უმსხვილესი და მათ კარგად იციან, როგორ მიაღწიონ მაღალ დატვირთულობას. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია დაზღვეულია გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, რადგან საოპერაციო მოდელი უკვე ითვალისწინებს ე.წ. FF&E რეზერვებს ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, ხოლო მესაკუთრე იღებს სრულად გარემონტებულ და აღჭურვილ კომერციულ ფართს საკუთარი საკადასტრო კოდით", - ამბობს "ბარნოვი ქო-ლივინგის"აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც "ბარნოვი ქო-ლივინგის" მენეჯმენტი განმარტავს, პროეტის სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე თქმით, 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული კომპლექსი, რომელიც ორგანულად ეწერება უბნის იერსახეში, ექსპლუატაციაში 2027 წლის ბოლოს შევა.

























