მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარომეტრის მე 10 ტალღა - ექთნების რაოდენობა 1.8 ჯერ დაბალია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით

BM.GE
09.03.18 17:00
2083
სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეათე ტალღა გამოაქვეყნა. სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ეს ტალღა ფოკუსირდება ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზზე. ამ კვლევით კურაციო ხაზს უსვამს, რომ კარგი განათლების, სათანადო უნარ-ჩვევების მქონე და საჭიროების შესაბამისი რაოდენობის ჯანდაცვის ადამიანური რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია, რადგან იძლევა შესაძლებლობას ერთი მხრივ -თავიდან ავირიდოთ დანახარჯი, რომელიც ჭარბი რაოდენობის ადამიანური რესურსის შენახვას სჭირდება და მეორე მხრივ - სხვა სფეროების განვითარებაში დავაბანდოთ ის დანაზოგი, რომელიც ამ სფეროში ეფექტიანობის ამაღლებით მიიღწევა. ამასთან, ჯანდაცვის ადამიანური რესურსი პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, რომლის მართვაც 2017-2030 წლებში ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც კვლევა აჩვენებს, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო ევროპის ქვეყნებთან შედარებით სრულ ასიმეტრიაშია. საშუალო ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს თითქმის ორჯერ მეტი - ანუ დაახლოებით 10 ათასი ექიმით მეტი ჰყავს. ეს იმ ფონზე, როდესაც საშუალო სამედიცინო პერსონალი - ექთნები თითქმის ორჯერ ნაკლებია - დაახლოებით 12 ათას 500-ით ნაკლები. ეს რიცხვები პირდაპირ კავშირშია ჯანდაცვის მომსახურების ფასთან - რადგან განვითარებად ქვეყნებში, როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, საქართველოს შემთხვევაში კი, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ რესურსს იყენებს და ამით ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს - რაც, ცხადია, ჩვენი - მომხმარებლების გადასახდელი ხდება.

კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ ექიმების პროდუქტიულობაც პრობლემაა. საქართველოში საავადმყოფოს ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 42 პაციენტს მკურნალობს, უნგრეთში ეს რიცხვი 104-ს უტოლდება, გერმანიაში კი - 116-ს ანუ თითქმის სამჯერ მეტს. საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ ათას სამოცდაორ პაციენტს იღებს, ანუ დღეში საშუალოდ ოთხს, მაგალითად, ლიტვაში კი - 5 944-ს ანუ საშუალოდ დღეში 24-ს.

სტუმარი: გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები