ბარსელონაში პოლიტიკოსები ჭარბი ტურიზმის შესაჩერებლად საკრუიზო გემების მგზავრებისთვის ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავენ - აღნიშნულ წინადადებაზე ბარსელონას საქალაქო საბჭოს პარტიები უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ინიციატივის კანონად ქცევამდე კატალონიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
დამტკიცების შემთხვევაში, ასეთი მგზავრებისთვის გადასახადი თითქმის სამჯერ გაიზრდება და დღეში 30 ევროს შეადგენს. ამჟამად, საკრუიზო გემების მგზავრები, რომლებიც ქალაქში 12 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ, 11 ევროს იხდიან, რაც 5-ევროიან მუნიციპალურ დანამატისა და 6-ევროიან რეგიონული გადასახადს ითვალისწინებს.
გაზრდილი ტარიფი გავრცელდება მხოლოდ იმ კრუიზებზე, რომლებიც პორტში ჩერდებიან და 12 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ, რადგან კრიტიკოსების აზრით, მათ მიერ გამოწვეულ შეფერხებებთან შედარებით, მათ ადგილობრივ ეკონომიკაში ძალიან მცირე წვლილი შეაქვთ.
მარშრუტები, რომლებიც იწყება ან სრულდება ბარსელონაში, გაზრდილი გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ეს რეისები მეტ ეკონომიკურ სარგებელს აძლევს ქალაქს - მათ შორის სასტუმროებში განთავსებისა და სატრანსპორტო მომსახურების სახით.
პარტიები წლიურად საკრუიზო გემების მგზავრთა რაოდენობაზე მკაცრი ლიმიტის დაწესებას ითხოვენ, თუმცა საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ ამ ზომის გატარება ბევრად უფრო რთული პროცესია.
პიკის სეზონზე საკრუიზო გემების მგზავრები ქალაქის ყოველდღიური ვიზიტორების 7.5%-ს შეადგენენ და ბარსელონაში საშუალოდ 5.7 საათს ატარებენ.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ (WTTC) შეშფოთება გამოთქვა ამ ინიციატივის გამო და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ქალაქის კონკურენტუნარიანობა შეასუსტოს და ადგილობრივ ეკონომიკას არასასურველი შედეგები მოუტანოს.
WTTC-ის პრეზიდენტის თქმით, ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკრუიზო პორტია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონ მგზავრს მასპინძლობს. თითოეული მგზავრი ქალაქში საშუალოდ 255 ევროს ხარჯავს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გლობალურად.
"მხოლოდ საკრუიზო ინდუსტრიამ 2024 წელს ბარსელონას საქალაქო საბჭოს ბიუჯეტში გადასახადების სახით 11.9 მილიონი ევრო შეიტანა", - თქვა WTTC-ის პრეზიდენტმა.




























