კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მთავარი სატრანსფერო სამიზნე “მანჩესტერ სიტის” შემტევი ერლინგ ჰალანდია და მომავალ ზაფხულს მისი ტრანსფერისთვის იბრძოლებს.
ამ ინფორმაციას კი მანჩესტერელების მთავარი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა, რომელმაც კატეგორიულად გააფრთხილა “ბარსელონა“, თავი შეიკავოს ერლინგ ჰალანდის ტრანსფერის მცდელობისგან და დაამატა, რომ მისი თავდამსხმელი “არ არის ისეთი სულელი, რომ მოაწეროს ხელი პროექტს, რომლისაც თავად არ სჯერა“.
“ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად “მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავი შეასრულებს თავის ცხრა წლიან კონტრაქტს პრემიერლიგის კლუბთან მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა.
“მგონია, რომ ერლინგი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ არ მოაწეროს ხელი კონტრაქტს, რომლის შესრულებაც არ სურს, ეს ფაქტია,“ - თქვა გვარდიოლამ.
აღსანიშნავია, რომ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ პირველ 50 მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ცხრა ევროპულმა კლუბმა თავის ისტორიაში პირველ 50 თამაშში, მათ შორის არიან “დინამო ზაგრები“, “ანდერლეხტი“, “ლილი“, “ბრიუგე“, “ბეშიქთაში“, “სელტიკი“, “გალათასარაი“, “ცსკა მოსკოვი” და “პანათინაიკოსი“.
გვარდიოლა აცნობიერებს, რატომ იწვევს მისი გუნდის ვარსკვლავი ამხელა ინტერესს და აღნიშნავს, რომ ჰალანდი ნებისმიერი კლუბისთვის საოცნებო ტრანსფერია.
“მითხარით ერთი კლუბი, რომელიც არ ოცნებობს ერლინგ ჰალანდზე? მესმის, რომ “ბარსელონას” სურს ჰალანდი, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა კლუბს. თუ ის ჩვენთან არ იქნებოდა, “სიტისთვის” ის იქნებოდა საოცნებო ტრანსფერი. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ვიცი მხოლოდ, რომ მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს ჩვენთან, ძალიან კარგად თამაშობს და უამრავ გოლს იტანს. ვგრძნობ, რომ გუნდი მას მაქსიმალურად ეხმარება და ქმნის იმ შესაძლებლობებს, სადაც ერლინგს შეუძლია თავის საყვარელ საქმეს, გოლების გატანას მიჰყვეს“ - დაამატა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელ შემტევს, რომელმაც ამ სეზონში “სიტის“ რიგებში უკვე რვა შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, “ლურჯებთან” კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს.




























