მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA 2023 წლის ჟიურის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს - BARTA 2023-ის - ორგანიზატორები ჟიურის შემაჯამებელ ანგარიშს გამოსცემს, რომლის მიზანიც კომპანიების ინფორმირებაა, როგორ უნდა ჰქონდეთ გამართული და სრულყოფილი ფინანსური ანგარიშგება - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ირინა გორდელაძე, დაჯილდოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და “მსოფლიო ბანკის” უფროსი კონსულტანტი საუბრობს.

“ვცდილობთ, რომ თავადაც დავიხვეწოთ, განვვითარდეთ და ეს კონკურსიც, წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ. მაგალითად, ვიყენებთ მსოფლიოში აღიარებულ ანალოგიურ ჯილდოებს და გადავწყვიტეთ, გამოვცეთ ჟიურის შემაჯამებელი ანგარიშიც, რომელშიც მიმოხილული იქნება 2023 წლის შედეგები და ყურადღება გამახვილებული იქნება გასაუმჯობესებელ საკითხებზე.

ბევრი კომპანია მოგვმართავს კითხვით, თუ რა შეიძლება გააკეთონ საკუთარი შეფასებების გასაუმჯობესებლად და კონკურსში გასამარჯვებლად. სწორედ ამას ემსახურება შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც გამოავლენს, თუ რა ნაკლოვანებები მეორდება ანგარიშგებიდან ანგარიშგებამდე”, - განმარტავს ირინა გორდელაძე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით BARTA-ს ვებგვერდზე ვიდეო-მასტერკლასები უკვე ატვირთულია.

შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისთვის BARTA მომდევნო თვეში ღონისძიებასაც გეგმავს, რომელზედაც კომპანიებს საშუალება მიეცემათ, ჟიურის თავად დაუსვან კითხვები და შეაფასონ, რამდენად მზად არიან საუკეთესო წლიური ანგარიშის კონკურსში მონაწილეობისათვის.

“ვიფიქრეთ, კომპანიებისთვის ინტერაქციული რეჟიმი უფრო საინტერესო იქნებოდა, სადაც ისინი დაგვისვამენ კითხვებს - მათ აინტერესებთ, რამდენად მზად არიან კონკურსში მონაწილეობისთვის და გვსურს, ამ კითხვებს პასუხი გავცეთ”, - აღნიშნავს გორდელაძე.

ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება და მას BARTA-ს ჟიურის თავმჯდომარე, პოლ თომპსონიც დაესწრება. ირინა გორდელაძე ასევე აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასს, მდგრადობის ანგარიშგების შევსების შესახებაც: “ეს არის სიახლე მთელს მსოფლიოში და ბევრი გამოწვევაა ამ მიმართულებით. ამიტომ, იგივე ღონისძიებაზე გადავწყვიტეთ, ვუპასუხოთ არსებულ კითხვებს, და წარმოვადგინოთ მასტერკლასი, თუ როგორ უნდა შედგეს მდგრადობის კარგი ხარისხის ანგარიშგება”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები