მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ზე განაცხადების მიღება 10 ნოემბერს სრულდება

BARTA
05.11.26 11:57
• 149

„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის გამარჯვებულები 2027 წლის თებერვალში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, 8 საპრიზო ნომინაციაში გამოვლინდებიან.

გასული წლების მსგავსად, BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მქონე ყველა კომპანიას. საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიები შეფასების პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან, იმ პირობით, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, აქვთ აუდიტის უპირობო დასკვნა. სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მათ შორის, სავაჭროდ დაშვებულ კომპანიებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თვითწარდგენა მოეთხოვებათ.

BARTA-ს კონკურსის ფარგლებში კომპანიების წლიური ანგარიშები ოთხ ძირითად კატეგორიაში შეფასდება - მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები.

სიახლეა, რომ წელს მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია ფინანსურ და არაფინანსურ მიმართულებებად გაიმიჯნა, რაც თითოეულ კატეგორიაში ცალკეული გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონკურსის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების მქონე კომპანიაც.

წელს BARTA-ს კონკურსს ახალი ნომინაცია - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“ ემატება. ნომინაციის ფარგლებში გამოვლინდება სახელმწიფო საწარმო, რომელიც ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.

ასევე, კონკურსის ფარგლებში სპეციალური ნომინაცია „ჟიურის რჩეული“ დაწესდება. გამარჯვებულს ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით შეარჩევს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული აღიარება მიანიჭოს კომპანიას, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები, დანერგა ინოვაციები, მიაღწია არსებით პროგრესს ან გამორჩეული ერთგულება აჩვენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების მიმართ.

BARTA-ს კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. ნომინაცია მიზნად ისახავს იმ კომპანიის აღიარებასა და დაჯილდოებას, რომელიც კონკურსში პირველად მონაწილეობს და უკვე პირველივე წელს ანგარიშგების მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობის სტანდარტებით გამოირჩევა.

BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, რომლის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. BARTA წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის, ასევე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები