„ჩვენი საქმე ისევ ჰაერშია, რამდენი ხანი გავიდა და ჯერ კიდევ არავინ იცის, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რატომ მოხდა ამხელა სკანდალი. შსს-სგან არანაირი პასუხი არ გვქონია, უბრალოდ როცა დაგვიბარეს დაკითხვაზე, მას შემდეგ უბრალოდ გაჩერდა დაკითხვები. როგორც ვიცი, ნარკორეალიზატორები დააკავეს, იმის იქით კონკრეტულად Bassiani-ს მისამართით არც წერილი მოსულა, არც გამოძიება გაგრძელებულა“ - განაცხადა გელბახიანმა.
მისივე თქმით, რატომღაც მხოლოდ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ადამიანების ჩხრეკა, როცა მსგავსი ღონისძიებები სხვა კლუბებთან არ ტარდება.
„მხოლოდ Bassiani-ს წინ ხდება ადამიანების ჩხრეკა. ამ საათებში სხვაგან რომ გაიაროთ, მსგავს რამეს ვერ ნახავთ. მგონია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. როდესაც შსს-ს პოლიტიკურად სჭირდება, გამოძიებას იწყებს და შემდეგ თაროზე შემოდებს საქმეს, ეს პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. ერთ-ერთი მათგანია Bassiani-ს საქმე, რომელიც ასევე თაროზეა შემოდებული. არ ვიცი ვის, როგორ და რაში დასჭირდება მომავალში, მაგარამ ფაქტია, რომ ამაზე პასუხი არ გაუცია არავის, არც შსს-ს და ზოგადად სახელმწიფოს, თუ რა მოხდა 12 მაისს და რისთვის იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი“ - განმარტა ზვიად გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს "Bassian"-სა და "გალერიში" სპეცოპერაცია ჩატარდა. შს სამინისტრომ განმარტა, რომ "Bassian"-სა და "გალერიში" სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს.

























