მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAT: ინფლაციის გაანგარიშება თამბაქოს გარეშე მთელ რიგ კითხვებს ბადებს

5d446256abeae
ლიკა გურაბანიძე
03.08.19 09:50
971
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს და შექმნის ახალ პარალელურ ინდექსს, რომელშიც თამბაქო მონაწილეობას არ მიიღებს.

British American Tobacco-ს (BAT) კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთელ რიგ კითხვებს ბადებს.


„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ძირითად კითხვას ვსვამთ - როგორც იცით თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გადახდილი გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ია, ასევე ეს გადაწყვეტილება გასაკვირია იმის გამო, რომ მწეველთა რაოდენობა 45%-ს აჭარბებს და ეს მეტყველებს სწორედ ამ სოციალურ ფენომენზე, რასაც თამბაქოს ინდუსტრია და თამბაქოსთან დაკავშირებული პროცესები ჰქვია.

ასევე ამას თუ დავამატებთ იმ სამწუხარო რეალობას რაც ხდება, რომ ყოველთვიურად 33 მლნი ლარი არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და 400 მლნ ლარამდე იკარგება, ხოლო წლის ბოლომდე აქციზიდან არ მიღებული შემოსავალი 400 მლნ ლარი იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ არის შესაძლებელი, რომ თამბაქო  ინფლაციის გამოანგარიშებაში გათვალისწინებული არ იქნეს და ინფლაციის მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე იქნას გამოყვანილი.


კარგი იქნება თუ  ყურადღება საგადასახადო პოლიტიკის დახვეწა-განვითარების კუთხით იქნებოდა მიმართული და არა იმისკენ, რომ რაღაც სტატისტიკური ინფორმაციის ვუალირება მოვახდინოთ“ - აცხადებს ზვიად სხვიტარიძემ.


ცნობისთვის: ოფიციალური განმარტების მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გარემოება, რომ წლიდან წლამდე თამბაქოს ფასების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის მთავრობის მიერ აქციზის გადასახადის ზრდა. შესაბამისად, ამ პროდუქტის ღირებულება იზრდება იმიტომ, რომ სახელმწიფო მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, მათ სიგარეტს უძვირებს. 

საქსტატის განმარტებით, იმის გამო, რომ გადასახადების ზრდით გამოწვეული გაძვირება ბუნებრივ საბაზრო პროცესს არ წარმოადგენს, ის რეალურად ინფლაციის შემადგენლობაში არ უნდა მონაწილეობდეს. სიგარეტის გარეშე დათვლილი ინფლაცია ივლისის მდგომარეობით 3.9%-ს შეადგენს. თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით, კი წლიური ინფლაცია 4.6%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები