ბატარეების მწარმოებელი შვედური კომპანია Northvolt-ი, რომელიც ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ფლაგმანად მიიჩნეოდა, ფინანსური სირთულეების გამო გაკოტრდა.
Northvolt-ი 2016 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოების ინოვაციური სისტემის შექმნა იყო. კომპანია მწვანე ტექნოლოგიებზე აკეთებდა აქცენტს და მისი ბატარეების წარმოება ძირითადად განახლებადი ენერგიით ხდებოდა.
დროთა განმავლობაში, Northvolt-მა 2 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია მოიზიდა და მისი პარტნიორები გახდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: Volvo, Volkswagen, BMW, და Goldman Sachs.
წარმატებული სტარტის მიუხედავად, კომპანიამ მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო, რაც ევროპაში არსებული მაღალი საწარმოო ხარჯებით, კვალიფიციური კადრების დეფიციტით და ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნით იქნა განპირობებული.
უნდა აღინიშნოს, რომ Northvolt-ის გაკოტრება მხოლოდ ამ კომპანიის ინვესტორებისათვის არ წარმოადგენს ტრაგედიას, რადგან ეს კომპანია ჩინეთთან კონკურენციაში ევროპის ფლაგმანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში ისევ აზიურმა დრაკონმა გაიმარჯვა.


























