თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. ბათინკების სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ხიდაშელი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს, უხარისხო ფეხსაცემელბის შესყიდვა ჯარისთვის მისი მინისტრობის პერიოდში არ მომხდარა, როგორც ამას თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს.
გთავაზობთ თინა ხიდაშელის სტატუსს:
“დღეს ინფორმაცია გავრცელდა: სკანდალი: "უხარისხო ჩინურ ბათინკებში თავდაცვის სამინისტრომ სამ მილიონამდე ლარი დახარჯა"
ნიუსში არ არის მითითებული თვეები, მხოლოდ 2016 წელიო. თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო. ხოდა კომენტარების გარეშე მხოლოდ დოკუმენტები და ფაქტები. დასკვნები თავად გააკეთეთ არა მხოლოდ იმაზე თუ ვის დროს რა ხდება, არამედ იმაზეც ასეთ ოროსან ტყუილს რომ იტყვი რასთან გვაქვს საქმე.
1. "ნიუ ატლასთან" ჩემი მინისტრობის დროს ერთი კონტრაქტი გაფორმდა 2015 წლის ნოემბერში. ნიჩბოსნულ ტრენაჟორზე და მისი ფასი 2,784 ლარი იყო.
2. 2015 დეკემბერში გამოვაცხადეთ ფეხსაცმლის, ანუ ბათინკის ტენდერი და ჩავშალეთ ვინაიდან ვერავინ დააკმაყოფილა პირობები;
3. 2016 გაზაფხულზე ისევ გამოცხადდა ტენდერი, სადაც ეს კომპანია მონაწილეობდა და ტენდერიდან მისი დისკვალიფაკაცია მოხდა.
4. ჩინურ ბათინკზე საერთოდ უარი ვთქვით, გასაგები მიზეზების გამო, პრინციპში ერთჯერადია.
5. 2016 ზაფხულში ისევ გამოცხადდა ტენდერი და მერე ჩვენ წავედით. საბუთების მიღება 30 ივლისს დაიწყო, მე უკვე დაწერილი მაქვს განცხადება. 4 აგვისტოს დასრულდა იზორია უკვე მინისტრია. შემდეგ იყო სატენდერო კომისია და ა.შ. იზორიაა მინისტრი. ამის შემდეგ 3 კომპანიას, რომელსაც "ნიუ ატლასზე" უკეთესი პირობები აქვს (ფასით) დისკვალიფიკაციას უკეთებენ და ნიუ ატლასი იმარჯვებს ტენდერში, რომლიდანაც მანამდე ორჯერ ამოვაგდეთ ჩვენ.
6. 2016 წლის 27 სექტმებრს, იზორიას მოადგილე კაპანაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას რომლითაც მისცეს 2,453,001 ლარის კონტრაქტი "ნიუ ატლასს".
ამასობაში დაგვეწია იზორიას მოადგილის კომენტარით, "რა პირობითაც გამოცხადდა 2016 წლის ივლისში ტენდერი, იმ პირობითვე ჩაიბარა კომპანიამ მითითებული საქონელი." :)
კიდევ ერთხელ, უფრო მოკლედ
- დიახ ტენდერებს ვაცხადებდით
- იმათ ვინც ვერ აკმაყოფილებდა პირობებს დისკვილიფიკაციას ვუკეთებდით;
- გამოცხადებულ ტენდერებსაც ვაუქმებდით თუ არ ვარგოდა შემოთავაზებები;
- ზუსტად ასე მოვიქეცით მანამდე ორჯერ, ეს კომპანია ორჯერ ჩაიხსნა.
- ჩვენგან განსხვავებით იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს ვისაც უკეთესი პირობები ქონდა და "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს.
დოკუმენტები თან ერთვის.
დასკვნები და დანარჩენი ანალიზი კი მკითხველზეა მთლიანად.
PS ეს ამბები წვრილად შეგიძლიათ თავადაც ნახოთ შესყიდვების სააგენტოს პორტალზე, სადაც კიდევ ბევრ სხვა საინტერესოს ნახავთ”,- წერს ხიდაშელი და შესაბამის დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ფლანგვის დეტექტორმა” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “კომპანია “ნიუ ატლასის” უხარისხო ჩინურ ბათინკებში თავდაცვის სამინისტრომ 2 453 001 ლარი გაფლანგა”, ხოლო კომპანიას სატენდერო პირობის დარღვევა ეპატია.
“2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა “„ნიუ ატლას სტრატეჯი ეიჯენსი კოს ფილიალთან“. სამინისტრო კომპანიისგან 26 300 ბათინკს ყიდულობდა 2,453,001 ლარად.
თავდაცვის სამინისტროს “ნიუ ატლასისგან” მანამდეც შეუსყიდია იგივე ბათინკი, თუმცა, 7.27 ლარით ნაკლებად ვიდრე აღნიშნულ ტენდერში. “ნიუ ატლასმა” მოიტყუა და ბათინკის სისქედ 1.9 მმ მიუთითა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბათინკის ტყავი უფრო სქელი იყო (2.35მმ), ვიდრე ზოგადად სადენდერო პირობაში განსაზღვრული სისქე (2.1მმ). მიუხედავად ამისა, სამინისტრომ სატენდერო პირობა შეცვალა და წარმოდგენილი ნიმუში მოიწონა.
ამის შემდეგ “ნიუ ატლასმა” თავდაცვის სამინისტოს ვიზუალურად ნიმუშისგან განსხვავებული ბათინკები გაუგზავნა. თაცვადაცვის სამინისტრომ ამჯერადაც აპატია “ნიუ ატლასს”. თავდაცვის სამინისტროს ხასისხის კონტროლის სამსახურის მიერ მოწონებული და შერჩეული ბათინკები უხარისხო გამოდგა. ბათინკი ჩინური კომპანიის მიერ არის წარმოებული”,- ნათქვამი იყო კვლევაში.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც უწყება ტენდერში დაშვებულ დარღვევებს უარყოფს.
“ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 2016 წელს ბათინკების ტენდერში რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს მიერ "ნიუ ატლას სტრატეჯი კო" -ს ფილიალთან 411 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა, ხოლო ტენდერი ანალოგიური მახასიათებლებით ასევე წინა ხელმძღვანელობის პირობებში 2016 წლის 01 ივლისს გამოცხადდა. ელექტრონულ ტენდერზე ზეგავლენას თავდაცვის სამინისტრო, ცხადია, ვერ მოახდენდა",- ნათქვამი იყო განცხადებაში.

























