მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბატონო ირაკლი, ასწიეთ განბაჟების ზღვარი. უამრავი ადამიანი ამოისუნთქავს და თქვენც ქულებს დაიწერთ" - ჰერმან საბო

ჰერმან საბო

,,გირჩის" დეპუტატმა, ჰერმან საბომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, ასწიოს განბაჟების ზღვარი, რითაც საარჩევნო წელს მოქალაქეების კეთილგანწყობას გაზრდის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ესმის, რომ ამ ინიციატივას ,,ოცნება" უმცირესობას არ დაუთმობს, ამიტომ მიმართავს, ეს თავად უმრავლესობამ გააკეთოს.

"განბაჟების ბარიერზე საუბარი პერიოდულად ისმის ხოლმე პარლამენტში. გასაგებია, რომ იმდენად პოპულარული თემაა, "ქართული ოცნება" ოპოზიციას ამ თემას არ გაატანინებს, მაგრამ საარჩევნო წელია, ამდენ ადამიანს ეხება და აწუხებს. მხოლოდ იმითაც კი შეგიძლიათ გაზომოთ, ამაზე რომ ვსაუბრობთ, იმ ვიდეოებს რამდენი ნახვა აქვს. სათქვენოდ მაინც გააკეთეთ. ბატონო ირაკლი, ასწიეთ განბაჟების ზღვარი. უამრავი ადამიანი ამოისუნთქავს და თქვენც ქულებს დაიწერთ" - მიმართა ,,გირჩის" დეპუტატმა მომავალ პრემიერს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა.

300 ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დადგინდა. სწორედ ეს არის ოპოზიციის არგუმენტი, ზღვრის ზრდის მოთხოვნისას, რომ მსყიდველუნარიანობა იგივე აღარაა და მოქმედი კანონმდებლობა არ პასუხობს არსებულ რეალობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები