მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმელების" ინფორმაციით, მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა

სს
16.10.25 18:42
1004

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. შესაბამის განცხადებას გამოცემა ავრცელებს.

„ბათუმელებმა“ ინკასოს მოხსნაზე შემოსავლების სამსახურს 2025 წლის 8 ოქტომბერს წერილობით მიმართა:

„გაცნობებთ, რომ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა.

2025 წლის 22 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო: „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს…“

სამსახურის ამ განცხადების შემდეგ, 2025 წლის 24 ივლისს, მივმართეთ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ეს განცხადება შემოსავლების სამსახურში წარმოებაშია და პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ანგარიშებზე ყადაღის დადების გამო მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ორგანიზაციის საქმიანობას. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 პუნქტის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, გააუქმოთ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ყადაღა/ინკასო იმ ვადით, ვიდრე ორგანიზაციის 2025 წლის 24 ივლისის განცხადება საგადასახადო შეთანხმებაზე წარმოებაშია.“

გამოცემა აცხადებს, რომ სწორედ ამ მიმართვიდან მეორე დღეს შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობეს, რომ ორგანიზაციის ანგარიშებს ინკასო მოხსნეს.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. თუმცა, "ბათუმელების" ცნობით, ამაზე უარი მიიღეს.

17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო. „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“. ამ განცხადების გავრცელების დროისთვის, "ბათუმელების" განცხადებით, ანუ 22 ივლისს მათი დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა იყო 47 ათასი ლარი, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელებს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა. შესაბამისად, სრულად დაფარულია ძირი თანხა – 47 ათასი ლარი. საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები“ გამოთქვამს მზადყოფნას, 50 ათასი ლარი გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურისგან ელოდება პასუხს 2025 წლის 24 ივლისის განცხადებაზე – საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები