მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმი Euronews-ის ობიექტივში

5d1caa6df3387
მიხეილ ხაჩიძე
03.07.19 18:50
758

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება - Euronews-მა ბათუმს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს სტუმრობდა; ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და მაყურებელს აჭარის ტურისტულ პოტენციალზე უყვება.

რეგიონის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რეპორტაჟს Euronews-ის მილიონობით მაყურებელი 12 ენაზე ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა.

ბათუმზე ვრცელი სიუჟეტი ამჯერად გადაცემა Focus-ის რეპორტიორმა გააკეთა. ჟურნალისტი ქალაქსა და მთლიან რეგიონში ტურიზმის სწრაფ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას; აქცენტს ივესტორების ინტერესზე, ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზეც აკეთებს.

ჟურნალისტი ყვება, რომ ბოლო წლებში რეგიონმა ბევრი ინვესტორი მიიზიდა. შედეგი სახეზეა -  შავი ზღვის სანაპიროზე მშენებლობების ბუმია, შენდება და იხსნება ათობით ახალი სასტუმრო.

რეპორტიორი აღნიშნავს იმასაც, რომ ზაფხულის სეზონი ახლა დაიწყო, თუმცა ტურისტული მაჩვენებლები რეკორდს ხსნის. საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ბათუმში, წლის დასაწყისიდან თითქმის გაორმაგდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქალაქს მოდური ინფრასტურქურისა და ხარისხიანი სერვისის გარდა, სხვა უამრავი პოტენციალიც გააჩნია. ბათუმელი ქუჩის მხატვარი ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქი მალე კრეატიული ახალგაზრდების ჰაბი გახდება.




სიუჟეტის ავტორი უცხოელი მაყურებლებისთვის ყვება, რომ საქართველოში თანამედროვე ნიუანსები ტრადიციებთან არის შეზავებული და ერთობლივი სინთეზი ქვეყნის ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ქართული პოლიფონიის თავისებურებაზე; ამბობს, რომ ქართული ხალხური მუსიკა იუნესკო-ს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.





სიუჟეტში აღნიშნულია ისიც, რომ რეგიონის მშვენიერი ბუნება ტურისტული პოტენციალისთვის მნიშნველოვან ფაქტორად ითვლება. ჟურნალისტი ქართული ღვინის შესახებაც საუბრობს. როგორც ის ამბობს, არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ქვეყანას ღვინის დამზადების ათასწლოვანი ისტორია აქვს.




სიუჟეტის ბოლოს რეპორტიორი ამბობს, რომ ბათუმი არის მზარდი ტურისტული ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც თანამედროვეობისა და ტრადიციის გზაჯვარედინზე მდებარეობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები