მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმი რივიერას" პროექტის ხელმძღვანელი ბათუმელებს პასუხობს

5d397fa303b25
ლიკა გურაბანიძე
25.07.19 14:20
1765
„ბათუმი რივიერას“ პროექტის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის შეფასებით, პროექტი ბათუმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც კაპანაძე განმარტავს, პროექტის განხორციელებისთვის მითითებული ადგილმდებარეობა ისტორიული არ არის, რადგან იქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დგას.

 
„ეს ისტორიული ზონა არ არის, ბათუმს, ჯერჯერობით,  ისტორიული ზონის სტატუსი არ აქვს მიღებული. 2006 წლიდან მიმდინარეობს ამაზე ლაპარაკი და ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის მივიღებთ. პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ეს ისტორიული ზონა არც უნდა იყოს იმიტომ, რომ კანონში გარკვევით წერია, ისტორიული ზონა ეს არის ტერიტორია, სადაც დიდი კონცენტრაციაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების. ჩვენ შემთხვევაში ადგილზე არცერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის და არის ტრიალი მინდორი, არი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ორი. 

მინიჭებული აქვს K2 კოეფიციენტი 4 და პრინციპში ეს არის ბათუმის მშენებლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კომპანია არ ითხოვს პრაქტიკულად კოეფიციენტების მომატებას. ჩვენ გვინდა, რომ 5 კოეფიციენტი მივიღოთ მაშინ, როდესაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმში მშენებლობები 20, 15 და 25 K2 კოეფიციენტითაც კი,“ - განმარტა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, კომპლექსი, რომელიც უნდა აშენდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰაერის დაბლოკვას არ გამოიწვევს. 

„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ პროექტი ჰაერს დაბლოკავს, ესეც არ არის სწორი. აქ 6 ჰექტარზე არის 5 შენობა ანუ 12 000 კვ.მ-ზე ერთი შენობა იქნება და შენობებს შორის მინიმუმი მანძილი არის 100 მეტრი, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება კედლის აღმართვად და ჩაკეტვად; ბუნებრივია, აქ ჰაერის შემოსვლის პრობლემა არ იქნება. 

პროექტს ბათუმის მოსახლეობის მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება და ამ პროექტთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენ ამ პროექტის 6 საჯარო განხილვა ჩავატარეთ და ერთი და იგივე ხალხია, ვინც ამას აპროტესტებს. პრაქტიკულად, დასაბუთებული არგუმენტი ამ პროექტის საწინააღმდეგოდ, მე ვერ მოვისმინე“ - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ბათუმის მოსახლეობის მხრიდან პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაანონსების საკითხს, პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია ყოველთვის კანონის სრული დაცვით მოქმედებს და მას კონსტიტუციურად უფლება აქვს, რომ პროექტი განავითაროს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოში „რივიერას“ პროექტის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა. ბათუმელები და ოპოზიციური პარტიის წევრები ქალაქის ისტორიულ ზონაში მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ისტორიული ზონის საზღვრების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მშენებლობას შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვეს.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანია.

ცნობისთვის: ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერას“ სახელითაა ცნობილი, განაშენიანება იგეგმება. რაც შეეხება მშენებლობის ხანგრძლივობას მისი პირველი ეტაპის მშენებლობა პროექტის დაწყებიდან სამი წელია. ჯამური ინვესტიცია სრულ პროექტში 300 მლნ დოლარს აღემატება. დასაქმდება 1000 ადამიანი როგორც მშენებლობის ეტაპზე ასევე ექსპლუტაციაში მიღების შემდგომ. მხოლოდ ქონების გადასახადი სახით ყოველწლიურად 7 მლნ დოლარი შევა აჭარის ბიუჯეტში, ხოლო 3 მლნ ლარი შევა საშემოსავლო გადასახადის სახით.

კერძო საკუთრება 2006 წელს კომპანიამ ღია აუქციონის წესით შეიძინა. ღია აუქციონი და სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრება კომპანიას 2006 წელს 10 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, იახტ-კლუბს და დამატებით 2 ჰექტრის ფართობის პარკს. პარკი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ აშენდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები