ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტში ცვლილებები 13 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება:
- ინფრასტრუქტურის განვითარება - 27 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 124 მილიონ ლარს შეადგენს.
-38 მისამართზე მოეწყობა ატრაქციონები.
-აშენდება დამატებით 12 ახალი ხიდი. წლის განმავლობაში კი, 20-ზე მეტი ხიდის მშენებლობა განხორციელდება.
- ახალი გზის მშენებლობა დაიწყება ბაღის ქუჩის #1 ჩიხში.
- სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებით 20 მისამართზე განხორციელდება. წლის განმავლობაში კი, სამუშაოები 100-მდე მისამართზე ჩატარდება.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 206 ათასი ლარით გაიზარდა.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება – 106 800 ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასისტენტით მომსახურება – 74 000 ლარი.
- „დროებითი ღამის თავშესაფარი“ - 12 300 ლარი.
- მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა - 9 ათასი ლარი.
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს – 5000 ლარი.
- ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გათვალისწინებული იქნა 165 ათას 750 ლარი.
საკრებულოს წევრებმა გუშინდელ სხდომაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი, განახლებული გეგმაც დაამტკიცეს, რომელიც მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის“ დამტკიცებას.
აღნიშნული საკითხების გარდა, დადგინდა სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.