ბათუმის გენგეგმის შემმუშავებელი კომპანია "სითი ინსტიტუტი" ბათუმის საკრებულოსგან წარდგენილი დოკუმენტის შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამის შესახებ "საქმის კურსში" კომპანიის კოორდინატორმა ანდრო ქორთუამ ისაუბრა.
ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა.
როგორც "სითი ინსტიტუტ საქართველოს" კოორდინატორი აღნიშნავს, ამ დროისთვის დოკუმენტის კონცეფციის საბოლოო ეტაპი ჩაბარებულია და რევიზიიის პროცესი მიმდინარეობს.
“კონცეფციის საბოლოო ეტაპი ჩაბარებულია, კონცეფციას თან სდევდა სკოპინგის ანგარიშის ჩაბარება, რომელიც აუცილებელია რომ შესაბამისმა უწყებებმა გაიარონ სამინისტროებში, შემდგომ ამაზე დასკვნა დაიწეროს და ამის შემდგომ დამკვეთთან ერთად შეჯერდეს პოზიციები და დაზუსტდეს.
თუმცა როგორც ასეთი კონცეფციის სახით საბოლოო ეტაპი ჩაბარებული არის და ჯერჯერობით, ასეთი რევიზიის პერიოდში ვართ, როცა ველოდებით გადაწყვეტილებას”, - ამბობს ანდრო ქორთუა.