"ამბასადორი აილენდ ბათუმი" ევროპული კაპიტალის მოზიდვის ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. პროექტმა ევროპელ ინვესტორებთან პირდაპირი წვდომისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესნეთვორქინგის ორგანიზაციის, Business Network International-ის (BNI) პლატფორმა გამოიყენა - ამის შესახებ BMG-ის ეთერში "ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ვარშავაში გამართული ვიზიტის შედეგად, "ამბასადორი" BNI Global-ის პოლონეთის ორგანიზაციაში გაწევრიანდა, სადაც სპეციალური გამონაკლისის სახით ექსკლუზიური ქართული მიმართულება დაფუძნდა; თანამშრომლობის უახლოესი გაგრძელება კი ბათუმში დაგეგმილი მასშტაბური ეკონომიკური ფორუმი იქნება.
გოჩა კამკიას თქმით, ევროპულ ბაზარზე გასვლის სტრატეგიამ პირველი ხელშესახები შედეგები უკვე გამოიღო, რაც იტალიელი, ესპანელი, გერმანელი და ფრანგი ინვესტორების აქტივობით დასტურდება, თუმცა სისტემურ კარიბჭედ სწორედ პოლონეთი შეირჩა.
"ბოლო მონაცემი, რაც მინდა გაგიზიაროთ და რაც ჩვენთვისაც სასიამოვნო გაკვირვება იყო: იტალიის 30-მა მოქალაქემ შეიძინა კუნძულზე უძრავი ქონება. ისინი აცხადებენ, რომ თავიანთ მომავალს სწორედ "ამბასადორი აილენდს" უკავშირებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად დავიწყეთ ამ ყველაფრის განვითარება და ევროპული ქვეყნების ყურადღებას ვიპყრობთ - იქნება ეს იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი თუ გერმანია.
სტრატეგიული მიმართულებით ჩვენს შორის ხიდი მაინც არის პოლონეთი. გვქონდა ვიზიტი ვარშავაში, სადაც გავწევრიანდით BNI Global-ის პოლონეთის ორგანიზაციაში. BNI-მ, თავის მხრივ, დაუშვა გამონაკლისი, სადაც შექმნა ქართული მიმართულება, განყოფილება, და ჩვენ ამ სახელის გამოყენების უფლებით შევედით თავად პოლონური ორგანიზაციის ქართულ განყოფილებაში," - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
BNI-ის ეგიდით დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ოქტომბრის ბოლოს "ამბასადორი აილენდზე" საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც ევროპელი და ქართველი დელეგატების გარდა, ახლო აღმოსავლეთის მსხვილი მოთამაშეებიც შეიკრიბებიან.
"ოქტომბრის ბოლოს უკვე გვექნება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი პოლონელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით. ეს შეხვედრა ჩატარდება აქ, კუნძულზე, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ინვესტორები აბუ-დაბიდან და დუბაიდან.
გვინდა გავაკეთოთ საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესმენები ერთმანეთს შეხვდებიან, გაეცნობიან, აუხსნიან ერთმანეთს, რა საერთო ღირებულებები შეიძლება ჰქონდეთ, რაში შეიძლება გამოადგნენ პარტნიორები ერთმანეთს და შემდეგ უკვე იფიქრებენ იმაზე, თუ რა საერთო ბიზნესი შეიძლება აკეთონ "ამბასადორი აილენდზე", საქართველოში და ასე შემდეგ", - განმარტავს გოჩა კამკია.
კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, BNI-ის ფორმატში ჩართვა არა მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების სტიმულირებას, არამედ საერთაშორისო კაპიტალთან ერთობლივი საწარმოების შექმნას ემსახურება. ეს მიდგომა უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლისას რისკებს უმცირებს, ხოლო საქართველოს, როგორც სანდო საინვესტიციო მიმართულების რეპუტაციას აძლიერებს.
"ერთობლივი ბიზნესის კეთების კულტურასა და პრეცედენტებს ვქმნით, რაც ქვეყნის მიმართაც ცვლის დამოკიდებულებას. მაშინ, როცა საერთაშორისო ბიზნესიდან შემოდიხარ ქვეყანაში და იქ გხვდება ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც არის ძალიან კომფორტული, გელაპარაკება იმავე ენაზე და თქვენ ერთად ქმნით მომავალს, მთლიანად ლოკაციისა და ქვეყნის მიმართ გექნება განსხვავებული დამოკიდებულება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რომლის აღსრულების ეტაპზეც ახლა ვიმყოფებით," - აცხადებს გოჩა კამკია.
BNI-ის პლატფორმის მეშვეობით შემოსული ევროპული ბიზნესწრეები კუნძულზე უკვე ჩამოყალიბებულ მულტიკულტურულ საინვესტიციო გარემოს შეუერთდებიან. "ამბასადორს" უკვე გაფორმებული აქვს პარტნიორობა არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან ჯგუფებთან:
დუბაიდან პროექტში ჩართულია HOLM Development-ი, რომელსაც გოჩა კამკია ახასიათებს, როგორც "ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ, სისხლსავსე ჯგუფს, რომელთაც კუნძულზე არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ საკუთარი იდეები და განსხვავებული ცხოვრების სტილი შემოაქვთ". აბუ-დაბიდან კი სტრატეგიული პარტნიორია ONE Development-ი ალი გებელის ხელმძღვანელობით - შეთანხმებას ხელი საამიროების მთავრობის პატრონაჟით გამართულ LIVEX-ზე მოეწერა, რაც კუნძულზე 21-ე საუკუნის კომფორტისა და ხელოვნური ინტელექტის სრულფასოვან ინტეგრაციას ითვალისწინებს.
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროპელ ინვესტორებს ადგილზე დახვდებათ ძლიერი ადგილობრივი დეველოპერული ჯგუფიც: IG Development-ი (მინდია საბანაძე), "ორიგამი" (White Sails-ის ავტორები), სამშენებლო ფაზაში შესული Tonino Lamborghini და სომხური AFK Development-ი.
გოჩა კამკიას თქმით, BNI-ის ქსელისა და ოქტომბრის ეკონომიკური ფორუმის მთავარი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ გლობალურმა და რეგიონულმა ბიზნესმა ერთმანეთი ბათუმში იპოვოს და საერთო ღირებულება შექმნას.
























