ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, თანამდებობას ტოვებს. როგორც მან დღეს, 13 მაისს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, მერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე.
არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს, ასევე "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა. ის პოსტზე სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
ბიოგრაფია
სამუშაო კარიერა დაიწყო 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანაშემწედ. შემდეგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე აჭარის შს სამმართველოში, მათ შორის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი გამომძიებლისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის პოზიციებზე. 2010 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორად.
2013 წელს არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო 2017 წელს – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსად. 2018 წლიდან 2021 წლამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი.




























