ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს - მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს ქმნის. მის კომპეტენციაში შევა მშენებლობის ნებართვების გაცემა.
ასევე, ახალი სამსახურის ფუნქციების ჩამონათვალშია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება; ისტორიული განაშენიანების ზონების რეგულირების დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა; განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და სხვა.
ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც 21 აგვისტოს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
დადგენილების პროექტის თანახმად, ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, სამსახური დაფინანსდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით, ასევე, სამსახურის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით, მიზნობრივი კრედიტებით და გრანტებით.
ცნობისთვის, აჭარაში მშენებლობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა 2020 წლიდან ყოველწლიურად მზარდია, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფართობის მიხედვითაც. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აჭარაში მშენებლობის 412 ნებართვა (956 492 მ²) გაიცა. 2025 წლის I ნახევართან შედარებით, სანებართვო ფართობი 22.0%-ით გაიზარდა.




























