საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა, ბათუმის ნავთობტერმინალმა 2017 წელს $12-მილიონიანი ზარალი განიცადა, ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.
“ბათუმის ნავთობტერმინალის” 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილია”. თავის მხრივ, “ბათუმის ნავთობტერმინალი” ბათუმის პორტის 100%-იან წილს ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის ყაზახეთის სახელმწიფო ფონდი “სამრუკ კაზინა”, რომელიც ყაზახეთის უმსხვილეს საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს. ფონდი $74 მილიარდის ღირებულების აქტივებს განკარგავს.
ბათუმის ნავთობტერმინალის საერთო მოცულობა 599 მეტრ კუბია, რაც 3.7 მილიონ ბარელს შეადგენს. ტერმინალს შეუძლია მიიღოს ნავთობის 22 ნაირსახეობა და განათავსოს ის 135 რეზერვუარში.
ნავთობტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა შეადგენს 14 მლნ ტონაზე მეტს. ტერმინალში მუშაობს 7 ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 200-მდე ვაგონ-ცისტერნა აავსოს.
ნავთობის ტანკერებში ჩასხმა ხდება სამი ბსნ-გან იჯარით აღებული მისადგომისა და გადასატანი მოწყობილობების მეშვეობით, რომელთაც შეუძლიათ 140,000 ტონამდე სრული ტვირთმზიდაობის ტანკერების მიღება.
ჯგუფმა 2017 წელი დახურა წმინდა ჯამური ზარალით $12,000,000 აშშ დოლარი, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე $12,048 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია.
ნავთობტერმინალის ზარალზე გასვლა განპირობებულია ძირითადი საქმიანობიდან შემოსავლების $6,552,000 აშშ დოლარით შემცირებითა და სხვა მიმდინარე ხარჯების ზრდით.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ბათუმის ნავთობტერმინალმა 2017 წლის 10 თვის განმავლობაში 3.5 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა. 2018 წლის ანალოგიურ მონაკვეთში გატარებული ნავთობის მოცულობა 3.1 მილიონ ტონამდე შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტერმინალი ამჟამად სრული დატვირტვის (წელიწადში 14 მილიონი ტონა) მხოლოდ 22%-ის სიმძლავრით მუშაობს.

























