მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის პლაჟის გამაგრებისთვის აჭარის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული აღარ არის - რა ბედი ელის პროექტს?

პლაჟის გამაგრება

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვის დაფინანსება აღარ არის გათვალისწინებული. 2026 წელს სანაპირო ზოლის გასამაგრებლად 2.65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა სამუშაოები ვერ განხორციელდა, ხოლო შესაბამისი ტენდერი შეწყდა.

ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვება სანაპირო ზოლზე ხრეშის შეტანას გულისხმობს. სამუშაოების მიზანი ზღვის მიერ სანაპიროს გამორეცხვისა და ეროზიის პროცესის შემცირება, ასევე პლაჟის შენარჩუნებაა.

2026 წელს ბათუმის სანაპიროზე 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანა იგეგმებოდა. თუმცა შესაბამისი ტენდერი მარტში შეწყდა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში, წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. ტენდერის შეწყვეტის შემდეგ განმეორებითი შესყიდვა აღარ გამოცხადებულა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტშიც 2 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არც მაშინ განხორციელდა. შესაბამისად, სანაპირო ზოლის გამაგრების ღონისძიებები ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ვერ შესრულდა.

ამასთან, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის გაგრძელებისთვის ახალი ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ოქტომბერში უნდა გამოეცხადებინა. თუმცა ნოემბრის დასაწყისისთვის ტენდერი გამოცხადებული არ იყო.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოცხადდება ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვის ახალი ტენდერი, რა მოცულობის დაფინანსება იქნება გათვალისწინებული და რომელი უწყების ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები