ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი იხსნება
თამუნა ქემერტელიძე
06.02.19 13:59
• 1478
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში ხვალ ახალი ტერმინალი გაიხსნება, რაც საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით გაზრდის.
როგორც BM.GE -ს სამინისტროდან აცნობეს, "ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა" და "მედლოგ ჯორჯიას" ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი მოეწყო.
"განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ახალ, მულტიმოდალურ საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალთან ერთად, მოხდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არა მარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე; ასევე მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 3.2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.