მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალი რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს"

5c7ff2de15539
BM.GE
06.03.19 20:22
677
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასებით, "ბათუმის ნავსადგურში მაღალტექნოლოგიური მინერალური სასუქების სასაწყობე-გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობა ჩვენი პორტების რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესსა და რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს". 

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საინფორმაციო "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება საქართველოში გადამამუშავებელ საწარმოს დაარსებას. შესაბამისად ამერიკული კორპორაცია Trammo-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ მიმართულებით განახორციელოს ინვესტიცია ბათუმის პორტში მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. Trammo არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია, რომელიც ოპერირებს ქიმიურ მრეწველობაში, კერძოდ აწარმოებს და გლობალურად ვაჭრობს ქიმიური მრეწველობის სხვადასხვა პროდუქტებით. მსგავსი სიდიდის კომპანიის მიერ პროექტის განხორციელება გულისხმობს ისეთი ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე მაღალი დონის სტანდარტებს და მოთხოვნებს პირველ რიგში უსაფრთხოების და ეკოლოოგიის კუთხით. ამასთან მსგავსი ტიპის მულტიმოდალური მაღალტექნოლოგიური ტერმინალის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი ტვირთების მოზიდვას ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში, რაც უდავოდ სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.როგორც მოგეხსენებათ გლობალურად იზრდება მინერალური სასუქების მოხმარება, შესაბამისად წარმოებაც და გადაზიდვებიც. ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ნაწილი დაინტერესებულია მსგავსი პროდუქციის იმპორტით, სხვა ნაწილი ცენტრალურ აზიაში დაინტერესებულია თავისი პროდუქციის ექსპორტით. ორივე მხარე ხშირად მოგვმართავს დახმარებისთვის და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ გასაგები მიზეზების გამო დაინტერესებულები არიან ამ ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებით. ხსენებულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბათუმის ნავსადგურში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მინერალური სასუქების სასაწყობე-გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობა დროული და პერსპექტიული პროექტია, ხელს შეუწყობს ჩვენი პორტების რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყობა რეგიონის უსაფრთხოებას, მეტ სტიმულს მისცემს სხვა მსხვილ კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში" – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მიმდინარე წლის 14 იანვარს ბათუმში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ბათუმის პორტში უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo, კომპანია Wondernet Express -თან ერთად, მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები