მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონის ზედამხედველობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

5b4322073d7a2
თამუნა დემეტრაშვილი
09.07.18 12:49
1012
ბათუმის სტადიონის 100 მილიონიანი პროექტის სამშენებლო ზედამხედველობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. 2,4 მილიონი ლარის შესყიდვას შპს ,,სტადიონი“ ახორციელებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის სრული მონიტორინგი უნდა განახორციელოს. კერძოდ, მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა, გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და სხვა. მონიტორინგის პროცესი კი სტადიონის მშენებლობის ბოლომდე, ორწელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის ხელახალ გამოცხადებას, წინ დავების საბჭოში შეტანილი სარჩელი უძღვოდა, რომელიც კომპანია ,,კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ შეიტანა. სწორედ ,,კოლიერსი“ გამოაცხადა წინა ტენდერში გამარჯვებულად შპს ,,სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, თუმცა მოგვიანებით, 3 კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, რომლებიც ამ ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. სწორედ ეს გააპროტესტა ,,კოლიერს ინტერნეიშენელ ჯორჯიამ“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ჯერ კიდევ თებერვალში გამოცხადებული ტენდერი საერთოდ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა, გამარჯვებული კომპანიის არარსებობის გამო არ მიმდინარეობს. სწორედ ამაზე მიუთითებდა ,,კოლიერსი“ დავების საბჭოში შეტანილ სარჩელში. ,, სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საზიანო შედეგი: ბათუმში სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მშენებლობის ზედამხედველობა კი არ ხორციელდება. სახეზეა სხვადასხვა გზებით მავანთა მხრიდან არასახელმწიფოებრივი შედეგის მიღება, იმ ფონზე როდესაც სტადიონის მშენებლობის ფაზა დაწყებულია“-ნათქვამი იყო სარჩელში.

შეგახსენებთ, რომ 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია "ანაგი" ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები