“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებასა და ბიზნესინტერესებზე ცნობებს.
ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებს, ასევე ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა.
ბათუმის მერობის კანდიდატად 9 პირი დარეგისტრირდა - მათ შორის არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის;
ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის მხოლოდ 1 ქალია - ნათია ბუაძე საარჩევნო ბლოკიდან “სახალხო - ხალხის ერთსულოვნება”;
სამ საარჩევნო სუბიექტს ჰყავს სიის პირველ ნომრად წარდგენილი ქალი კანდიდატები - “რესპუბლიკურმა პარტიამ” ლარისა ანდღულაძე წარადგინა, ნათია ბუაძე ბლოკიდან “სახალხო-ხალის ერთსულოვნება” მერობის კანდიდატთან ერთად პარტიული სიის სათავეშიც არის და “პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ” სიის პირველ ნომრად ნინო ეფაძე წარადგინა;
“ქართული ოცნების” მიერ მერობის კანდიდატებად დასახელებული პირებიდან წარდგენამდე 1 მინისტრი იყო, 1 - მინისტრის მოადგილე, 1 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 1 - პოლიციის უფროსი, 2 კი სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული;
“ქართული ოცნების” მიერ 6 მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის კანდიდატებიდან 4-ს ბიზნესინტერესები აქვს; მათ შორის ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის ბიზნესინტერესები;
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებიდან ორს - ჯუმბერ ვარდმანიძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული (ვარდმანიძემ მეუღლის საკუთრებაში ქონება არ ასახა, ფუტკარაძემ კი მეუღლის წილი კომპანიაში);
სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს 3 კანდიდატი ოპოზიციური პარტიებიდან (ამირან მამულაძე “პატრიოტთა ალიანსიდან”, მირდატ ქამადაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ომარ ფარტენაძე “დემოკრატიული მოძრაობიდან”).
ბათუმის მერობის კანდიდატებიდან და პარტიული სიის პირველი ნომრებიდან 4-ს (მირდატ ქამადაძე - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ომარ ფარტენაძე - “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა”, რაულ თავართქილაძე და პეტრე ზამბახიძე - “ევროპული საქართველო”) სხვადასხვა დროს პოლიტიკური პარტიის სახელზე შემოწირულობა აქვს განხორციელებული, მათ შორის რაულ თავართქილაძეს და პეტრე ზამბახიძეს - “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე მაშინ, როცა ორივე აღნიშნულ პარტიაში ირიცხებოდა.
კვლევის სრული ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

























