ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს რვა სუბიექტი აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების ფაქტზე 10 000 ლარით დააჯარიმა, ვინაიდან აღნიშნულ ობიექტებზე სამართალდარღვევა მესამეჯერ დაფიქსირდა.
გარდა ამისა, მუნიციპალურმა ინსპექციამ ხმაურის ნორმის განმეორების ფაქტზე დააჯარიმა ერთი სუბიექტი 5000 ლარით, ოთხი კი პირველივე შემთხვევაზე - 1500 ლარით.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 21 შეტყობინება შევიდა. სპეციალური აპარატით გაზომვის შემდეგ, მათ შორის 13 ობიექტზე ნორმის გადაჭარბება დაფიქსირდა.
"მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს. 598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე", - იტყობინება ბათუმის მუნიციპალური სამსახური.
ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირები პირველივე ჯერზე 150 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 1500 ლარი იქნება.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10 000 ლარით.