ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მიმდინარეობს ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინსპექცია, მეტი თავისუფალი საპარკინგე ადგილის უზრუნველსაყოფად, გეგმავს სატვირთო ავტომობილებისა და კომერციული მიზნით დაპარკინგებული ავტომობილების ცენტრალური უბნებიდან გაყვანას.
თუმცა, რაოდენობას, თუ რამდენი ამორტიზებული ავტომობილი გაიყვანეს უკვე, ინსპექციაში არ აკონკრეტებენ.
"პარკირების ზედამხედველობის სამსახური, პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებსა და ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილი ავტომობილების მონიტორინგს.
პროექტი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება", - აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.




























