დღეს, ბათუმში ანბანის კოშკი ოფიციალურად გაიხსნება. 130 მეტრ სიმაღლის ორიგინალურ შენობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა, პანორამული რესტორანი და ღია ტერასა სტუმრებს ხვალიდან მოემსახურება. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ონლაინ გიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე განლაგებულია პანორამული რესტორანი აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში საშუალებას იძლევა სტუმრებმა ბათუმის ხედებით ისიამოვნონ. კოშკში საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც მდებარეობს. კოშკის პირველ დონეზე მდებარეობს ღია ტერასა, სადაც ყოველდღიურად მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.
ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დასრულდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. შენობა 2015 წლის 9 ივნისს, სიმბოლურ ფასად, 20 წლის ვადით კომპანია Boost Spain S.I შეიძინა.

























