ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ იოსებ გრიშაშვილის N7-ში მდებარე ავარიული შენობის ჩანაცვლებისა და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8 949 732 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, სადაც ჯამში 75 ბინა მოეწყობა. მათგან 43 ბინა კერძო პირებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ბინა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.
კერძო პირებისთვის განკუთვნილი ბინები შავი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება, ხოლო მერიის საკუთრებაში გადასაცემი ბინები დასრულებული სახით მოეწყობა. პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული სივრცეები და ტექნიკური სათავსები.
პროექტის დასრულების ვადად 2027 წლის 10 დეკემბერია განსაზღვრული. 2026 წელს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არაუმეტეს 6 მილიონი ლარის ფარგლებში იგეგმება. ასევე, გათვალისწინებულია ხელშეკრულების ღირებულების მაქსიმუმ 30%-ის ოდენობის ავანსის შესაძლებლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ შესაბამისი გამოცდილება — 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეთ ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები ჯამურად მინიმუმ 10 მილიონი ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში — არანაკლებ 4 მილიონი ლარის მოცულობით.
პროექტის მიხედვით, ახალი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მოიცავს მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, ლიფტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას. სამუშაოებზე განსაზღვრულია სხვადასხვა საგარანტიო ვადები, მათ შორის 20-წლიანი გარანტია რკინაბეტონის კონსტრუქციებზე.


























