დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ "საქმიანი დილის" ეთრში განაცხადა.
"ქალაქს აქვს ისტორიული განაშენიანების ზონა, იქ არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და განსაკუთრებული განაშენიანება, დაცვას და მზრუნველობას საჭიროებს, აი ამას ემსახურება ისტორიული განაშენიანების დოკუმენტის საზღვრების დამტკიცება.
ისტორიული განააშენიანების ზონის დამტკიცება რა თქმა უნდა გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მენაშენეებს და ქალაქის შემდგომ განაშენიანებას, თუმცა ეს არ ნიშნავს დაკონსერვებას ამ ტერიტორიის, რადგან იქ ნებადართულია მშენებლობა, თუმცა ის ექვემდებარება ძალიან კონკრეტულ რეგულაციებს.
ჩვენ ვიფიქრეთ იმაზეც, რომ არ დაზარალდნენ იქ მაცხოვრებელი ადამიანები, რომელბსაც დეველოპერები სთავაზობენ უკეთეს პირობებს, მათი სახალის დემონტაჟის და ახალი სახლის აგების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ბათუმში გამოვაცხადეთ ე.წ განსაკუთრებული ზონა, სადაც შევთავაზეთ მაცხოვრებლებს მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვა. კერძოდ, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მაცხოვრებლებს 1,3 კოეფიციენტით ფართით დაკმაყოფილება ქალაქის ალტერნატიულ ნაწილში. შესაბამისად, მათგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, თუ სახასიათო ფონური ნაგებობების მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას.
მომზადდება არქიტექტორული პროექტები, რომელიც ითვალისწინებს ამ შენობების აღდგენას, ერთი-ერთში თავის ისტორიულ ანალოგთან და დეველეპორებისთვის, ინვესტორებისთვის, თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ამ შენობის სარგებლობაში გადაცემას, იქ განხორციელებული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების სანაცვლოდ.
ვფიქრომ ამ მოდელში ყველა მხარის ინტერესი დაცულია, როგორც მუნიციპალიტეტის, რომელიც პირველ რიგში ზრუნავს თავისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ასევე მოსახლეობის, რომელიც არ ხდება მსხვერპლი რეგულაციებისა და ეძლევა საშუალება დაკმაყოფილდეს სხვაგან ალტერნატიული ფართით“ - განაცხადა ბათუმის მერმა.

























