ბათუმში 2023 წლის 30 ივნისს დაწყებული, სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციის ამნისტია დასრულდა. როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება, ამნისტიის მოთხოვნით, ამ ორი წლის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში სულ 179 განაცხადი შემოვიდა.
უწყების ცნობით, ამნისტიის წესით ექსპლუატაციის მიღებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო მიმდინარე წელს. ექსპლუატაციის განყოფილებაში 30 ივნისამდე შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 95 განაცხადი შევიდა. მათ შორის: 15 ობიექტზე გამოიცა ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება; 14 ობიექტზე გამოიცა უარის ბრძანება; 3 ობიექტის საქმე დარჩა განუხილველი; 76 კი - განხილვის პროცესშია.
"მიმდინარე წელს სტანდარტული ექსპლუატაციის მოთხოვნით კი 36 განაცხადი დარეგისტრირდა.
- ➢ 16 ობიექტზე გამოიცა ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება;
- ➢ 15 ობიექტზე გამოიცა უარის ბრძანება;
- ➢ 4 ობიექტის საქმე დარჩა განუხილველი;
- ➢ 5 განხილვის პროცესშია", - წერია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დროებითი წესი საქართველოს პარლამენტმა, 2023 წელს ორი წლის ვადით დაამტკიცა. დაინტერესებულ პირებს ექსპლუატაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა მიემართა.




























