ზაფხულის სეზონზე ბათუმში მსხვილი სასტუმროების უმეტესობის დატვირთულობა 80%-ზე მაღალი იყო - ამის შესახებ სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს.
როგორც მაია წერეთელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, უშუალოდ მათ მართვაში მყოფი Courtyard by Marriott Batumi-ის დატვირთულობა აგვისტოში 94%-ს აღწევდა.
მისივე თქმით, ბათუმში სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერშიც მოსალოდნელზე მაღალი იყო და უკვე ფიქსირდება ჯავშნები ზამთრის სეზონზე.
“შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ზაფხულის თვეებში [ბათუმის სასტუმროებში] დატვირთვა 75, 80 და 91%-იც კი დაფიქსირდა, რაც არაჩვეულებრივი შედეგია. სექტემბერი იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე ვფიქრობდით. სექტემბერი ზოგადად თბილისისთვის ძალიან აქტიურია, ზღვისპირა სეზონზე კი - არა. თუმცა წლევანდელ წელს ეს გამონაკლისი იყო, როდესაც სექტემბერი იმაზე ბევრად უკეთესად გვქონდა დატვირთული, ვიდრე ვფიქრობდით და დატვირთულობამ 80%-ს მიაღწია. ეს არაჩვეულებრივი მონაცემია ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის და საერთოდ მთელი ქვეყნისთვის.
მოგეხსენებათ, ბათუმის ბაზარი სეზონურია. ჩვენ ახლა უკვე შევდივართ შედარებით დაბალ სეზონში, თუმცა საახალწლო ჯავშნებს რაც შეეხება, უკვე ვიღებთ შეკვეთებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ქვეყნის შიგნით ღონისძიებების თვალსაზრისით. როგორც კი რაიმე საინტერესო ღონისძიება იგეგმება, მთელი ბათუმი ივსება როგორც ადგილობრივი, ქვეყნის შიდა, ასევე უცხოელი ტურისტებით და ეს ძალიან კარგია.
შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ალბათ არ მოიძებნებოდა ბათუმში სასტუმრო, რომელიც დაუტვირთავი იყო ამ ზაფხულის განმავლობაში. სასურველია, რომ სეზონურობა არ იყოს განსაკუთრებით შესამჩნევი შავი ზღვისპირეთში და წლების განმავლობაში ეს მეტ-ნაკლებად იკლებს კიდეც. ადრე იყო, რომ მთლიანად თითქმის ყველაფერი იხურებოდა და სეზონის გარდა, საკმაოდ დაბალი დატვირთვა შეინიშნებოდა. ახლა მთელი წლის განმავლობაში, პირველ რიგში, სეზონი გაიზარდა. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე სეზონზე და არა ისე, რომ მხოლოდ სამი თვე იყო ზაფხულის განმავლობაში”, - განაცხადა მაია წერეთელმა.
ცნობისთვის, წელს 9 თვეში საქართველოს 4 მლნ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა, რაც წლიურად 7.9%-იანი ზრდაა. უშუალოდ 2025 წლის III კვარტალში საქართველოში ჩამოსულმა ტურისტების რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა, რაც 2024 წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























