“ბათუმში საპილოტე რეჟიმში ტურიზმის გადასახადი შესაძლოა 2025 წლიდან ამოქმედდეს”- USAID-ის ეკონომიკური მმართველობის ფარგლებში საკითხის მოკვლევა მიდის და სხვადასხვა სცენარები განიხილება. როგორც ტურისტული ფესტივალი "ტურისტერის" ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, თავდაპირველად ბათუმში ტურისტული გადასახადის მოცულობა 1 ღამეში 1 ლარი იქნება, თუმცა პერიოდულად ის გაიზრდება. წინასწარ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე აღნიშნული გადასახადიდან ქალაქს შეუძლია პირველ ეტაპზე 5-6 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებზე დაიხარჯება. ინიციატივის ავტორები, ვარაუდობენ, რომ თუ პროცესები შეფერხების გარეშე წარიმართება ბათუმი გახდება პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ტურისტული გადასახადი იმოქმედებს. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ გადასახადს ტურისტები არაერთ ევროპულ ქალაქში იხდიან და ის მუნიციპალიტეტების დონეზე ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გამართვას, თუ მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას ხმარდება. მათი თქმით, ეს ტურისტულ მომსახურებას გააძვირებს, მაგრამ არა იმდენით, რომ ამან ვიზიტორებს მნიშვნელოვნად გაუზარდოს ხარჯი.