ტექნოპარკი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება, მანამდე კი სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
როგორც bm.ge-ს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განუცხადა, ტექნოპარკი უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, პირველ სართულზე განთავსდება. ამჟამად მშენებლობის ინვესტიციის ზუსტი მოცულობა უცნობია.
"შიდა სარემონტო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. პარალელურად, ჩვენ აპარატურას და ახალ დანადგარებს შევიტანთ და სექტემბერში სივრცეც გაიხსნება.
ახალი ტექნოპარკი უნივერსიტეტთან იქნება ინტეგრირებული, რათა სტუდენტებს ჩართულობა მეტად ჰქონდეთ", - განმარტა კასრაძემ.
ბათუმში ტექნოპარკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნება.
პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.
ბათუმის ტექნოპარკი აღჭურვილი იქნება ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომელსაც მომხმარებელს თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარამდე დაიხარჯება. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი.

























