საინჟინრო კომპანია Baumer და მისი საპროექტო მიმართულება Layout რეგიონული განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიის ფარგლებში, უზბეკეთის ბაზარზე აქტიურ ოპერირებას იწყებენ. ამ მიზნის ნაწილი იყო ტაშკენტში ჩატარებულ ბიზნესგამოფენაში „საქართველო–უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ მონაწილეობა, რომელსაც ორი დღეში 4 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.
Baumer-ის საოპერაციო დირექტორი, მარიამ ვახვახიშვილი და Layout-ის პროექტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ნინუკა კვიწინაშვილი გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განმარტავენ, რომ გამოფენამ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი პოტენციალი უზბეკეთის აუდიტორიისთვის პირდაპირ წარედგინათ, რაც Layout-ისთვის რეგიონში სამუშაოების დაწყების წინაპირობად იქცა.
Baumer-ის საოპერაციო დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობამ ჰოლდინგისთვის „ახალი შესაძლებლობების კარი“ გახსნა.
„ამ ვიზიტის შემდეგ, უკვე ძალიან სწრაფად ჩაინიშნა ახალი სამუშაო ვიზიტი ტაშკენტში, რომლის შედეგებმაც მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გავაფორმეთ რამდენიმე ახალი მემორანდუმი და ეს უკვე იმისა დასტურია, რომ ჰოლდინგი საერთაშორისო ასპარეზზე გადის“, - აცხადებს ის.
მისივე ინფორმაციით, შეთანხმებები გაფორმდა როგორც კერძო სექტორთან, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის, უზბეკეთის ტურინის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელსაც Baumer-თან 5-წლიანი თანამშრომლობა ექნება. მემორანდუმი ითვალისწინებს უზბეკი სტუდენტების თბილისში ჩამოსვლას - თეორიული და პრაქტიკული სწავლისთვის, ასევე Baumer-ის სპეციალისტების ჩასვლას უზბეკეთში მასტერკლასების ჩასატარებლად.
ვახვახიშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც გამოარჩევს - Baumer Academy ფიზიკურ სივრცეში გადადის და საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს. ოფიციალური გახსნა 11 დეკემბერს იგეგმება, რომელსაც ტაშკენტიდან ოფიციალური დელეგაციაც დაესწრება.
„მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ გავცდით საკუთარ თანამშრომლებსა და პარტნიორ კომპანიების გადამზადებას. დღეს უკვე სერტიფიცირებული აკადემია ვართ და მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს“, - ამბობს ის.
საერთაშორისო გაფართოების პარალელურად, პირველი პრაქტიკული ნაბიჯი სწორედ Layout-ის საპროექტო მიმართულებას უკავშირდება.
Layout-ის პროექტირების მიმართულების ხელმძღვანელი, ნინუკა კვიწინაშვილი ამბობს, რომ კომპანია მრავალი წელია საინჟინრო სისტემების პროექტირებით საქმიანობს და მომხმარებლებს მექანიკის, ელექტრობის, სუსტი დენებისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სრულ პაკეტს სთავაზობს. მისი თქმით, Layout-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროექტირებაში BIM ტექნოლოგიების გამოყენებაა: „BIM-ის საშუალებით პროცესში ჩართულია ყველა მომიჯნავე მხარე. დამკვეთი იღებს ვიზუალურ მოდელს, რაც როგორც ბიუჯეტის, ისე ვადების კონტროლს ამარტივებს“, - განმარტავს ის.
Layout არქიტექტურა-ინტერიერის მიმართულების დამატებასაც გეგმავს, რათა მომხმარებელს „არქიტექტურიდან ინტერიერამდე“ სრული შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს.
რაც შეეხება უზბეკეთის ბაზარს, კვიწინაშვილი ამბობს, რომ იქ BIM-ის შესახებ ცნობადობა არსებობს, თუმცა პრაქტიკული დანერგვა ჯერ არ დაწყებულა, რაც ქართულ კომპანიას განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს.
„უზბეკეთში ჩვენი მთავარი მიზანია, წარვადგინოთ გამოცდილება და მაღალი დონის პროექტირების სერვისი. მათთვის ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ნამუშევრების წარმოდგენა და დეტალური ახსნა. მათი მაღალი დაინტერესება გვარწმუნებს, რომ Layout-ის მომსახურება ამ ბაზარზე განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება“, - ამბობს ის.




























