მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვები, რომლებიც ნოემბრამდე 6 წლის გახდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

643e877fda1ea
BM.GE
18.04.23 16:00
942
სკოლაში შესვლა 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეეძლებათ, - ამის შესახებ განაღლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მშობელს შეეძლება ბავშვი შეიყვანოს სკოლაში, ან დატოვოს ბაღში, სურვილის შესაბამისად.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, სკოლაში რეგისტრაციის გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გადავწყვიტეთ, რომ წელს ვინც დაბადებულია და შეუსრულდება 6 წელი პირველ ნოემბრამდე, უფლება ექნება შევიდეს სასკოლო განათლებაში. აქამდე ეს დაშვებული იყო 1-ელ ოქტომბრამდე და ვადას ვახანგრძლივებთ. პროცესი ინფრასტრუქტურულ პროცესებთან ერთად გაგრძელდსება, ყოველწლიურად გავზრდით ამ ვადას და ვფიქრობთ, სამართლიანი გზაგასაყარია 31 დეკემბერი. ეს საკითხი მშობლებისთვის არის ნებაყოფლობითი, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ შეიყვანონ სკოლაში, თუ დატოვონ ბაღში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ცვლილება შედის ზოგადი განათლების შესახებ კანონში და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ სსსმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი უსრულდებათ 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ცვლილების შემდეგ 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ სსსმ ბავშვებს მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.

მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები