მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბავშვებში კიბოს 80%–ის განკურნება სრულიად შესაძლებელია“ – ისრაელის გამოცდილება საქართველოსთვის

ისრაელის ელჩი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს; პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც და ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, მათ დაწესებულებებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.


ანალიტიკა ამ თემაზე პროფესორ რონიტ ელჰასიდის – ილიხოვის კლინიკაში ბავშვთა ჰემატო–ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჰადას ესტერ მეიცადის – ისრაელის ელჩს საქართველოში – ესაუბრა.


- მოგესალმებით, ქალბატონებო. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დოქტორო რონიტ, თქვენთან დავიწყებ საუბარს. როგორც ვხვდები, ეს თქვენი მეორე ვიზიტია თბილისში. პირველი ამ წლის იანვარში შედგა, თუ სწორად მახსოვს. რა შეიცვალა იანვრის შემდეგ?

რონიტ ელჰასიდი: თოვლი აღარაა.

- ესეც მნიშვნელოვანია.

რონიტ ელჰასიდი: მაგრამ მთავარი რაც შეიცვალა ის არის, რომ დღეს შეთანხმება გვაქვს. ძალიან ბედნიერები ვართ ამით. ეს თანამშრომლობაა საქართველოსა და ისრაელს შორის, ბავშვების საკეთილდღეოდ. ჩემი პროფესიაა იმ ბავშვების მკურნალობა, ვისაც კიბო აქვს. უკვე ძალიან ბევრი წელია ამ საქმეს ვემსახურები. და ვფიქრობ, ძალიან დიდი პრივილეგიაა ის, რომ შემიძლია სხვა ქვეყანაში სხვა ბავშვების დავეხმარო.


- ამდენად, რა არის ის მთავარი მოლოდინები, რაც ამ პროგრამასთან მიმართებით გაქვთ და რა იყო თქვენი კლინიკის მოტივაცია, რომ ჩართულიყო ამ პროგრამაში?


რონიტ ელჰასიდი: ჩვენ მინისტრმა მოგვმართა. მან გვთხოვა, დახმარება გაგვეწია კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის. ჩვენ დავთანხმდით, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, ვფლობთ თანამედროვე ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს, უკვე ბევრი წელია ამას ვაკეთებთ ისრაელში და ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დავეხმაროთ ბავშვებს – განსაკუთრებით ახლა, როდესაც შეთანხმება ძალაშია.


- უფრო დეტალურად ხომ ვერ გვეტყვით, რა ტიპის შესაძლებლობები იშლება საქართველოს მოქალაქე ბავშვებისთვის?


რონიტ ელჰასიდი: დღესდღეობით ბავშვებში კიბოს 80%–ის განკურნება სრულიად შესაძლებელია. ლეიკემიის 90% განკურნებადია. ამის მოტანა გვინდა ქართველი ბავშვებისთვისაც – დაავადებისგან სრულიად გათავისუფლება. ამისთვის აუცილებელია იცოდე, როგორ მიუდგე ბავშვს, როგორ მოახდინო სწორად დიაგნოსტირება, შემდგომ სწორად უნდა უმკურნალო და ტოქსიკურობის გარეშე მართო ეს პროცესი. ჩვენ ვიცით, ეს როგორ ვაკეთოთ. ამიტომაც გვაქვს უდიდესი მოტივაცია, რომ ბავშვებს საქართველოშიც დავეხმაროთ.


- მადამ ელჩო, როგორც ვიცით, სამი ქვეყანაა დღეს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული – თურქეთი, ესპანეთი და ისრაელი. რატომ – ისრაელი?


ჰადას ესტერ მეიცადი: იმიტომ, რომ ისრაელს აქვს ყველაზე თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგია – ეს ერთი. მეორე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თხოვნით მოგვმართა და აქ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ვაფასებთ იმ საქმეს რაც ამ მიმართულებით გასწია სამინისტრომ და სოლიდარობის ფონდმა. ეს პროექტი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. სულ რამდენიმე თვეა, რაც მუშაობა დაიწყო და დღეს უკვე შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ისრაელს მტკიცედ სჯერა, რომ თუ ისრაელს რამე კარგად გამოსდის, ეს ცოდნა და გამოცდილება დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა გავუზიაროთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ საგარეო დახმარების მეშვეობით, ისეთი პროგრამების მეშვეობით, რომელსაც დღეს განვიხილავთ – თუ გვაქვს ცოდნა, თუ გვაქვს გამოცდილება და თუ გვაქვს დახმარების და მხარდაჭერის შესაძლებლობა, ჩვენ ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოვიყენებთ.


- რა ტიპის გაზომვად შედეგებს დააკვირდებით – რამაც უნდა გაჩვენოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობს პროგრამა?


რონიტ ელჰასიდი: ჩვენ დავიწყებთ ბავშვების მკურნალობას. მკურნალობის კვალდაკვალ, საქართველოს მთავრობა ააშენებს ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვების გაჯანსაღებაზე. ამის შემდეგ, თერაპიის გაგრძელება უკვე საქართველოში იქნება შესაძლებელი. სანამ ცენტრი აშენდება, მანამდე, ქართველ ბავშვებს ჩვენს ჰოსპიტალში ვუმკურნალებთ.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ კიბო დღეს უკვე აღარ არის ცალსახად სასიკვდილო განაჩენი – რა ტიპის აქცენტი კეთდება თუნდაც თქვენს ჰოსპიტალში კვლევასა და განვითარებაზე და რამდენად არის ამ მიმართულების გაძლიერება წარმატებული მედიცინის ხვალინდელი თუ უკვე დღევანდელი დღე?


რონიტ ელჰასიდი: ინფრასტრუქტურის არსებობა აუცილებელი პირობაა. აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა შეგეძლოს. ეს არის უპირველესი. მას შემდეგ, რაც სწორი დიაგნოზი დასმულია, შემდეგ უკვე – მკურნალობისას – უნდა მისდიო საერთაშორისო პროტოკოლებს. აქაც დიდი გამოცდილებაა საჭირო, რომ მთელი პროცესი დიაგნოზის შესაბამისად იმართოს. ამის შემდეგ, საჭიროა, რომ გყავდეს მულტიდისციპლინარული გუნდი იმისთვის, რომ ტოქსიკურობა თავიდან აირიდო და ასევე, თავიდან აირიდო გაუთვალისწინებელი ეფექტები, რომლებმაც მოგვიანებით შეიძლება იჩინოს თავი. ჩვენს ცენტრში ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს იქნება ეს გენეტიკური ანალიზი თუ ქირურგია, და ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო, ევროპულ პროტოკოლებს იმისთვის, რომ დავიცვათ ისრაელის ბავშვები და იგივეს გამოვიყენებთ საქართველოს ბავშვებისთვისაც. გვაქვს სპეციალური ტექნოლოგიები, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ტოქსიკურობა, როდესაც ამის დრო მოვა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდეს და ამ შემთხვევაში, თავის სამშობლოში დაბრუნდეს.


- ძვირია ამ ტიპის მკურნალობა ისრაელში? ვიფიქრებდი, რომ ასეა – რადგან როგორც ახლა თქვენ გვიხსნით დიდ პროფესიონალიზმს, გამართულ ინფრასტრუქტურას და ბევრ ინოვაციას მოითხოვს ..


რონიტ ელჰასიდი: ეს საკითხი ისრაელის კლინიკასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეხება – მე სერვისის გაწევა მევალება, სხვა დეტალებში ჩახედული არ ვარ.


- რა შეუძლია საქართველოს ისწავლოს ამ თანამშრომლობისგან?


რონიტ ელჰასიდი: პირველი – როგორ დაისვას დიაგნოზი. რომელი პროტოკოლის გამოყენება სჯობს, რომ ყველა კონკრეტული შემთხვევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმართოს. და ზოგადად, ისწავლოს ხარისხზე კონცენტრირება. ასე ძალიან კარგი ცენტრის მიღება იქნება შესაძლებელი.


ჰადას ესტერ მეიცადი: დავამატებ თუ შეიძლება, საქართველოსა და ისრაელს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ერთ–ერთია ჯანდაცვა. ამ ხელშეკრულებამდეც არსებობდა თანამშრომლობა, რომელიც ძირითადად პერსონალურ ურთიერთობებზე იყო დამყარებული – ორი თვის წინ დავესწარი კონფერენციას, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული ისრაელის ექიმის საპატივცემულოდ, რომელიც საქართველოში მუშაობდა და რომელიც ამ კონფერენციისთვის ჩამოვიდა. კიდევ ერთი კონფერენცია გვექნება დაახლოებით 2 თვეში რომელიც ისევ აქ საქართველოში გაიმართება და სადაც ისრაელის და საქართველოს ექიმები მიიღებენ მონაწილეობას. ამდენად, პერსონიფიცირებული თანამშრომლობა სულ არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის – ახლა კი ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობაც დაგვემატება. ვფიქრობ, გრძელ ვადაში, როცა მინისტრი და პრემიერ მინისტრი ამ ქვეყანაში პირველი საჯარო ჰოსპიტლის დაარსებაზე, რომელიც ბავშვებში კიბოს მკურნალობაზე იქნება ორიენტირებული – ვფიქრობ, ჩვენთვის, ისრაელისთვის პატივი იქნება რომ მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ ბავშვებს – ამ მხარდაჭერის მასშტაბი დამოკიდებული იქნება უკვე კონკრეტულ პროექტებზე და ტექნიკურ წინადადებაზე – მაგრამ ჩვენთვის ეს პასუხისმგებლობა ასევე გადაჯაჭვულია სიამაყის გრძნობასთან, რომ სწორედ ჩვენ გვთხოვეთ ბავშვების დახმარება და საქართველოს დახმარება, რომ შექმნას ადგილობრივი სიმძლავრეები და მომავალში თავად უფრო ხარისხიანად და ეფექტიანად იზრუნოს ბავშვებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები