N21 სკოლის გარშემო განვითარებულა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა - ასე აფასებს განათლების საკითხების ექსპერტი შალვა ტაბატაძე "ანალიტიკას" ეთერში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, შენობების აშენება ან შეკეთება თავისთავად განათლების პოლიტიკა არ არის, ხოლო ის, თუ როგორ მართავს სახელმწიფო სასკოლო ინფრასტრუქტურას, სისტემურ მმართველობით მანკიერებებზე, დაგეგმარების დეფიციტსა და მოსწავლეთა ინტერესების სრულ იგნორირებაზე მიუთითებს.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში (ყოფილი მე-6 გერმანული სკოლა) სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს მოულოდნელად შეწყდა. ოფიციალურ საფუძვლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულად შეფასდა და მისი დემონტაჟი/სრული დაცლა გახდა საჭირო.
გადაწყვეტილებას მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა, რამაც განათლების სამინისტრო აიძულა, პოზიცია შეეცვალა. ორ კვირაზე ნაკლებ დროში სამხარაულის ბიურომ დამაზუსტებელი დასკვნა გამოაქვეყნა: უწყებამ რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დააანონსა, რის შემდეგაც მოსწავლეები 2026-2027 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლას ისევ 21-ე სკოლის შენობაში გააგრძელებენ, პარალელურად კი ნაგებობის მონიტორინგი განხორციელდება.
შალვა ტაბატაძის შეფასებით, სამხარაულის ბიუროს მეორე, დამაზუსტებელმა დასკვნამ განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ექსპერტი მიუთითებს, რომ პირველი დასკვნის საფუძველზე სკოლის დაუყოვნებლივი დემონტაჟისა და ბავშვების წლობით სხვა შენობებში გადანაწილების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სამინისტროს ალტერნატივების მოძიებაზე არ უზრუნია:
"თუკი შენ საუბრობ და იცი, რომ წლების განმავლობაში ამ ბავშვებს მოუწევთ სხვა შენობაში ყოფნა, მაშინ პირდაპირ დემონტაჟის დასკვნის გაკეთება და ბავშვების გაწირვა რამდენიმე წლით ცუდი განათლებისთვის, როცა თურმე არის ალტერნატიული შესაძლებლობები, თუ კარგად შეისწავლი - ეს ნიშნავს, რომ ბავშვზე არ გიფიქრია და მისი ინტერესი არ გქონია.
ეს რომ მოსწრებადი იყო, აჩვენებს მეორე, დამაზუსტებელი დასკვნა, რომელიც 17 სექტემბრის მერე დაიწყო და 25-მდე უკვე დაიდო. ეს ნიშნავს, რომ არავინ ბავშვზე და სკოლაზე არ იფიქრა. ჩვეულებრივი, რუტინული, გაჭიანურებული პროცესით აკეთეს დასკვნა და უცებ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ ჰო, უნდა ყოფილიყო დემონტაჟი...
მეორე დასკვნამ თქვა, რომ რამდენკვირიანი გამაგრების შემთხვევაში აქ სწავლა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, ეს დასკვნა რომ ყოფილიყო მაისში, გვექნებოდა ეს რამდენიმე კვირა და თვე, რომ ზაფხულში გამაგრებულიყო. აბსოლუტურად არ იმოქმედებდა ეს ბავშვებზე. აქაც მიუთითებს, რომ ბავშვზე და მოსწავლეზე ფიქრი არ ყოფილა და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს ეკისრება", - ამბობს ტაბატაძე.
განათლების ექსპერტის ხედვით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განათლების პოლიტიკასთან აიგივებს, მაშინ როცა შენობა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნის მიღწევის ინსტრუმენტია. ამასთან, რეალობაში ინფრასტრუქტურული გეგმებიც კი მუდმივი გადავადების რეჟიმშია:
"ინფრასტრუქტურა არ არის თავისთავად პოლიტიკა. შენობების აშენება არ არის განათლების პოლიტიკა. შენობები ჩვენ გვჭირდება იმ განათლების პოლიტიკის ინსტრუმენტად, რომ მიზანს მივაღწიოთ. რეალურად ჩანს, რომ არც ეს პოლიტიკა გვაქვს და არც მმართველობა, რომ ვიცოდეთ, თითოეულ სკოლაში რა გვჭირდება ამ პოლიტიკის განსახორციელებლად. უბრალოდ, ვრეაგირებთ უცებ რაღაც დასკვნაზე, რომელსაც 17 სექტემბერს მივიღებთ და ბავშვები გამოგვყავს სკოლიდან", - აღნიშნავს ექსპერტი.
შალვა ტაბატაძემ საზოგადოებას წლების განმავლობაში მინისტრების მიერ გაცემული და დარღვეული დაპირებები შეახსენა: თავდაპირველად ჯერ კიდევ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები 2020 წლისთვის მოგვარდებოდა; შემდეგ ვადები ჯერ 2023-მდე, შემდეგ კი 2026, 2027 და უკვე 2028 წლამდე გადაავადა.
"და ამ პროცესში სკოლების 60% საჭიროებს რეაბილიტაციას, დემონტაჟს ან ახლიდან აშენებას. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბუმია ინფრასტრუქტურული პროექტების, რეალური ნაბიჯები არ იდგმება. და იმ შემთხვევაში, როცა ეს ნაბიჯები იდგმება, ეს არის პროცესი, რომელიც არის ფაქტობრივად ერთგვარი სასჯელი იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი შენობა ან რეაბილიტაცია უწევთ - ამ სკოლის მოსწავლეები წლების განმავლობაში რჩებიან ფაქტობრივად განათლების გარეშე", - ამბობს ექსპერტი.
გამოსავალზე საუბრისას შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ საქართველო წლებია ვერ სცდება ელემენტარულ ინფრასტრუქტურულ და უსაფრთხოების საკითხებს, რის გამოც განათლების შინაარსზე, ხარისხსა და ქვეყნის მომავალზე მსჯელობა საერთოდ აღარ მიმდინარეობს.
"რთულია ამაზე საუბარი, მოკლევადიანში რა შეიძლება გაკეთდეს. ხშირად მიწვევენ განათლების საკითხებზე სამსჯელოდ, თუმცა შინაარსზე, განათლების განვითარებასა და რეალური განათლების მიღებაზე აქამდე ვერ მივდივართ, იმიტომ, რომ ვრჩებით იმ საბაზისო საკითხებზე, რაც ეხება უსაფრთხოებას, ბავშვთა კვებას... ვერ ვაგვარებთ იმ საბაზისო საკითხს, რომელიც მარტივად მოგვარებადია, თუკი ოდნავ კარგი მენეჯმენტი და ფინანსური რესურსი გაქვს. გაცილებით რთულია შინაარსში შესვლა: ხარისხიანი განათლების მიწოდება, თანასწორობა, კარგი სახელმძღვანელოები, მაღალპროფესიონალი მასწავლებლები და დირექტორები. იმაზეც კი არ ვმსჯელობთ, ამ სახელმძღვანელოებითა და განახლებული ეროვნული მიზნებით რა ტიპის ადამიანებს და მოქალაქეებს ვზრდით. რეალურად ვზრდით ცოდნის მიმღებებს, მოაზროვნეებს თუ უბრალოდ იმის დამმახსოვრებელ მოქალაქეებს, რასაც ვეტყვით? სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ვერ გავცდით იმ საბაზისო პრობლემებს, რაც უსაფრთხოებასა და იმას უკავშირდება, რომ მოსწავლეს ელემენტარულად არ შიოდეს", - აჯამებს შალვა ტაბატაძე.
























