სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" იურისტ ვაჟა მაისურაძის განცხადებით, 2017 წლის 30 იანვარს "ბავშვთა სამყაროში" მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს.
როგორც მაისურაძემ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გამოძიებას კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დაუდია.
"ფაქტი სახეზეა - საქმის წარმოება მხოლოდ სავაჭრო ცენტრის დაცვის ერთი წევრის და დირექტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს, შესაბამისად, სამსახურეობრივი გულგრილობის და სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით. სამარცხვინოა ეს საქმე; ჩვენ ვთვლით, რომ განაჩენი ვერ დადგება, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა და დრო ტყუილად იკარგება. წუხანდელ ხანძართან დაკავშირებითაც, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით დაიჭერენ დირექტორს. მეტი არაფრის გამკეთებლები არ არიან", - აცხადებს იურისტი.
კითხვაზე - "ვინ უნდა აგოს პასუხი ხანძრებზე", მაისურაძე აცხადებს, რომ როცა სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე, ცხადია, პასუხისმგებლობა მესაკუთრეებს ეკისრებათ.
"ბავშვთა სამყაროში" მომხდარი ხანძრის შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ცეცხლის წაკიდებას ანუ მესამე, სხვა პირმა წაუკიდა ცეცხლი ქონების განადგურების მიზნით; შესაბამისად, დამნაშავეა ის და ცეცხლის რეალურ წამკიდებელს რომ ვერ გამოავლენს გამოძიება, სირცხვილია. შესაძლოა, საქმე გვაქვს კვალიფიკაციის დეფიციტთან“, - აღნიშნა მან.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ იურისტი ვაჟა მაისურაძე სკეპტიკურადაა განწყობილი საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც და ეეჭვება, რომ ახალი რეგულაცია ხანძრებს შეამცირებს.
„რეგულაციების ამოქმედება, უბრალოდ, მთავრობას მისცემს საშუალებას თქვას, რომ მე თავი დამანებეთ და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებს მიმართეთო; რატომღაც ჩვენთან ისეთი საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა, რომ თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არსებობს, ხანძარი არ გაჩნდება, - რაცაა აბსურდი. უსაფრთხოების სისტემებს რომ ხანძრის ლიკვდიაცია შეეძლოს, მაშინ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სახანძრო სამსახურები არ იარსებებდა", - აღნიშნა მან.

























