ბავშვთა სამყაროს 1000-მდე დაზარალებული მოვაჭრე საგამოძიებო პროცესების დასაჩქარებლად საპროტესტო აქციებს მართავს. ხანძრიდან წელიწადნახევრის შემდეგაც ს.ს. „ბავშვთა სამყარო“ დაზარალებულად ცნობილი არ არის. შესაბამისად, როგორც აქციონერები ამბობენ, ამ დრომდე არ მომხადარა სადაზღვვეო კომპანია „ალდაგის“ მხრიდან 6 მილიონ ლარამდე სადაზღვევო რისკის ანაზღაურება.
როგორც ს.ს „ბავშვთა სამყაროს“ იურისტი, ვაჟა მაისურაძე BM.GE-თან განმარტავს, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს ს.ს „ბავშვთა სამყაროს“ მიმართ დისკრედიტაციის კამპანიას. როგორც მაისურაძე აცხადებს, ეს პირები ძირითადად არიან ქვემოიჯარეები, რომელთაც პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონიათ სააქციო საზოგადოებასთან. იურისტი ამბობს, რომ მათ მერიამ 3000 ლარიანი კომპენსაცია გამოუყო ისე, რომ არ მომხდარა გამოკვლევა მართლაც გაანადგურა თუ არა მათი ქონება ხანძარმა.
“მათი უმრავლესობა სასამართლოში ადასტურებს, რომ არავითარ გადასახადს არ იხდიდნენ იმ პირობებში, როცა აცხადებენ, რომ იღებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოგებას და დღეს აგრძელებენ დაუსაბუთებელი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას“-აცხადებს ვაჟა მაისურაძე.
დაზარალებულების იურისტი საქართველოს პროკურატურას არაობიექტურბასა და ტენდენციურობაში სდებს ბრალს.
"ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მას დღემდე დაზარალებულადაც არ უცვნია ს.ს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“, რომელსაც ხანძრის შედეგად გაუნადგურდა 19 000 000 ლარამდე ღირებულების ქონება. პროკურატურის ამ უკანონო ქმედების თანმდევი შედეგია ისიც, რომ სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" დღემდე არ გაუცია სადაზღვევო ანაზღაურება“-აცხადებს მაისურაძე.
დაზარალბულები ითხოვენ საქართველოს პროკურატურამ დაუყონებლივ ცნოს დაზარალებულად ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული პირი ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“. ასევე, განახორციელოს გამოძიება ხანძრის გამჩენი პირის გამოვლენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, პროკურატურამ რეაგირება მოახდინოს იმ „დაზარალებულთა“ ჩვენებაზე, რომლებიც სასამართლო სხდომებზე ადასტურებენ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების არქონას და აღიარებენ გადასახადების დამალვას.

























