პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას მსხვილი კომპანიის იურიდიული სტატუსის ცვლილებას უკავშირებს. ბახტაძის თქმით, ეს "მარტივი იურდიული მომენტია" რის შედეგადაც აღნიშნული საწარმოების საქმიანობა FDI-ის სტატისტიკის დათვლაში აღარ მონაწილეობს.
"საქმე გვაქვს ძალიან მარტივ იურიდიულ მომენტთან, იცით თქვენ, რომ რეზიდენტი შეიცვალა საქართველოში ერთერთმა ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციამ. ის საქართველოს რეზიდენტი გახდა, შესაბამისად, ამასთან ერთად მოხდა გარკვეული ტიპის სესხების გასტუმრება რაც საერთო ჯამში აისახა FDI-ზე. ჩვენ უნდა ვუყუროთ სტრუქტურას, რატომ შემცირდა. მეტიც, მე მივესალმები, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია გვყავდეს ისეთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უცხოური რეზიდენტობიდან გადმოვიდეს საქართველოში,"- ამბობს ბახტაძე.
BM.ge-ის საქსტატში განუცხადეს, რომ ამ საწარმოების სახელებს ვერ გაასაჯაროვებენ, რადგანაც აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) მცირდება, 2018 წლის 9 თვეში FDI-ის სახით სულ $998 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. ინვესტიციების განსაკუთრებული შემცირება სატრანსპორტო, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში შეიმჩნევა.
ყველაზე მნიშვნელოვანი $292 მილიონიანი კლება ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში საქართველოს სამსენებლო სექტორში სულ $104 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა $238 მილიონს აღემატებოდა. შედეგად, აღნიშნულ სექტორში ჩადებული თანხა 56%-ით შემცირდა.
უძრავი ქონების სექტორში კი ინვესტიციებმა $72 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია.
საქსტატის განმარტებით, აღნიშმული შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.