მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბახტაძე: "განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს"

5c80c94666fdf
BM.GE
07.03.19 11:33
892
"განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს"-ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "განათლება-გზა თავისუფლებისკენ" ინციატივის წარდგენისას გააკეთა. 

"დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას - განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად"-აცხადებს პრემიერი.


მამუკა ბატაძის თქმით, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე მათ დაანონსეს განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისათვის, რომელიც ხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.


"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 - 11%-იანი ზრდით!

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.

ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად - ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.

ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფ. სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და, რაც მთავარია - ახალ მკვლევარებს, ახალ პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს - რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს - „მცირერიცხოვან ერს" და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე: „სად არის ხსნა".

განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ... თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან და თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან. შესაბამისად ხსნა არის განათლებულ საქართველოში!

სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსაც. როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და სხვა სოციალური კატაკლიზმები, გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის.

განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები