"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სუბსიდირების პოლიტიკას ყოველთვის მხარს დაუჭერს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია არაეფექტური იყოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, ბახტაძე აღნიშნავს, რომ როდესაც იგი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაზე საუბრობს, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება.
"იმ პროგრამებს, რომელსაც პოტენციალი აქვს, გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილ, მეტი დოვლათი და რაც მთავარია, სიღარიბესთან ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა თქვას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი პირდაპირი და ნათელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში მევენახეობას ინტენსიურად ეხმარებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
"რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო მხარდაჭერას და თანადაფინანსებას სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ ახორციელებს, რომელიც ან პირდაპირი, ან არაპირდაპირი გზით არის ერთგვარი სუბსიდია?
ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, შარშან ჩვენ შევძელით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ასევე შარშან კახეთში ჩვენმა მეწარმეებმა ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი", - აღნიშნა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებითვე, "ლევან დავითაშვილს დავალება აქვს, რომ რებიუჯეტირების დროს წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და 2020 წელს კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე ვისაუბროთ".

























