„ჩემს გუნდთან ერთად მთავრობის პროგრამა მაქვს წარდგენილი. მე ვცდილობ, ისევე როგორც ჩემი გუნდის ყველა წევრი ეს პროგრამა ეფექტურად ვადებში შესრულდეს,“ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის რეპლიკა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ეხებოდა: როდესაც ივანიშვილმა თქვა „მამუკა ცდილობს...“, რა იგულისხმა, რას ცდილობს მამუკა ბახტაძე? - იკითხა ჟურნალისტმა.
პრემიერის განცხადებით, რაც მისთვის მნიშვნელოვანია ეს მან ციფრებში უკვე გამოსახა.
„2019-2020 წლებში ჩვენი კონსოლიდირებული ბიუჯეტი და რესურსი იქნება 27 მილიარდი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ამ რესურსით მაქსიმალური სიკეთის მიტანა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შევძლოთ.
ეს ნიშნავს: ჩენი სოციალური პროგრამების კარგ და ეფექტურ შესრულებას, ასევე მის კიდევ უფრო გაზრდას, ეს ნიშნავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში კიდევ უფრო მასშტაბურ ინვესტიციებს.
მშენებლობაში მეტ ტემპს და რა თქმა უნდა, მთავარს - ეროვნულ იდეას, რისთვისაც მე საჯარო პოლიტიკაში ვარ და ეს არასდროს არ დამიმალავს. ეს არის განათლება -ეს ყველაზე თამამი ნაბიჯია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გადაუდგამს. ასევე ამ იდეის ეფექტური იმპლემენტაცია ჩვენი მშპ-ს 6%-ი და ბიუჯეტის მეოთხედი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























