"ჩვენ ვართ ორიენტირებულები პროგრესზე. ახალი სისხლი ხშირ შემთხვევაში საჭიროა და ამაზე მთელი გუნდი ვთანხმდებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, მოუწოდა თუ არა თანამდებობის დატოვებისკენ ჯანდაცვის მინისტრს გუშინ, როცა იგი სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს პირადად შეხვდა და მიიღო თუ არა ამ მოთხოვნაზე უარი, მამუკა ბახტაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ასეთი მუშაობის წესები არ აქვს.
"რატომ გიყვართ სიტუაციის გაზვიადება? მე ჩემ კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული", - აღნიშნა ბახტაძემ.
ჟურნალისტმა ასევე იკითხა, ბიძინა ივანიშვილთან თუ არის ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული და რა დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს ამ საკითხზე.
"ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებებს ყოველთვის კონსულტაციების შედეგად გავდივართ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებას ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი", – განაცხადა პასუხად პრემიერმა.
საუბრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ასევე სთხოვა, რომ მოვლენებს ნუ გაუსწრებენ.
აქვე ბახტაძემ აღნიშნა, რომ თუ საკადრო გადაწყვეტილებას ადგილი ექნება, ისინი ამას პირველ რიგში გაიგებენ.
"ჩვენ ვართ ორიენტირებულები პროგრესზე. ახალი სისხლი ხშირ შემთხვევაში საჭიროა და ამაზე მთელი გუნდი ვთანხმდებით", - აღნიშნა პრემიერმა.

























