პრემიერის მტკიცებით, მოსაზრება, რომ ინვესტიციების შემცირება ფუნდამენტურმა ფაქტორებმა გამოიწვიეს, მცდარია - "მოსაზრებები რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ რაღაც ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება ეს არ უკავშირდება სინამდვილეს."
ბახტაძის თქმით, კლება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორისაა 2018 წელს შემდგარი ტრანზაქცია, რომლის შედეგადაც ტელეკომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე - "ჯეოსელი" ქართული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა და შესაბამისად გამოეთიშა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგიას. ბახტაძე კიდევ ერთ მიზეზად ქართული კომპანიების მიერ უცხოური კომპანიების მიმართ დიდი მოცულობის ვალების გასტუმრებასაც ასახელებს.
"კლება უკავშირდება იმას, რომ ვალდებულებების დაფარვა მოხდა მასშტაბურად არარეზიდენტი პირების მიმართ, რაც შესაბამისად აისახა ამ სტატისტიკაში.რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ მოხდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტი პირების მიმართ, არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი ფაქტი. ისევე როგორც ჩემთვის მისასალმებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ მაგალითად ისეთ სექტორში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს.
სწორედ ინვესტიების მოზიდვა გახდა Fitch-ისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რათა მას საქართველოსთვის გაეზარდა სუვერენული რიეიტნგი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია მრეწველობაში, სამთო მომპოვებელი მრეწველობა, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორებში. შესაბამისად, რომ არა ის ოპერაციები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, ჩვენ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ზრდა,"- განაცხადა ბახტაძემ.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში $1.23 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. მეტიც, ეკონომიკის 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. პრემიერის შეფასებით, ინვესტიციების კლების გამომწვევ მიზეზებს შორის უცხოური კომპანიების მიმართ ვალის მომსახურებაც შედის.

























