ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია მზადაა და ახლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დოკუმენტის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.
საქმე იმაშია, რომ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია 2016 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ დოკუმენტი ამ დრომდე არაა საჯარო.
უკვე მეორე წელია, აღნიშნული საკითხი ბიუჯეტის შესრულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც ხვდება.
„კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის გამოქვეყნება, თუმცა 2018 წლის 7 მაისის მდგომარეობით, არ გამოქვეყნებულა. სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვისათვის, აუცილებელია ქვეყანას განსაზღვრული ჰქონდეს გრძელვადიანი დაფინანსების მიზნები, რომლის მიღწევის გზებიც ასახული უნდა იყოს ვალის მართვის სტრატეგიაში, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში იქნება სხვა პარალელურად მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან“, - წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
როგორც BM.ge-ის გიორგი კაკაურიძემ უთხრა, სტრატეგია „მალე გამოქვეყნდება“, მაგრამ ზუსტი დრო ვერ დააკონკრეტა.
„ვალის მართვის სტრატეგია მომზადებულია. მისი დიდი ნაწილი შეთანხმებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო თანხმობა მივიღოთ ყველასგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვალის მართვის სტრატეგია არის სწორი და მის განხორციელებას ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ემხრობა. ახლა ვართ შეთანხმების ეტპზე და შემდეგ შეჯერებულ პოზიციას წარმოავდგენთ; დოკუმენტის განხილვა პარლამენტში მოხდება და შემდეგ დამტკიცდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ვალის მართვის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ვალის სხვადასხვა ვალუტებში დივერსიფიცირება იქნება.
„ასევე, უნდა გავზარდოთ შიდა ვალის წილი მთლიან ვალთან მიმართებაში და ეს ვალის მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა მან.