პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააცნო.
"ცვლილებები, რომლის ინიცირებაც მოახდინა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტშია და დაიწყო მისი განხილვები. ცვლილებები ძირითადად ეხება მცირე მეწარმეებს და მათთვის შეღავათიანი დაბეგვრის პრინციპებს განსაზღვრავს. კერძოდ, 5-ჯერ მცირდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, 5%-დან 1%-მდე. მეორე მხრივ, 100 000-დან 500 000 ლარამდე იზრდება ზღვარი, როდესაც შეიძლება ჩაითვალოს პირი მცირე მეწარმედ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მასშტაბით 120 000-ზე მეტმა მეწარმე ფიზიკურმა პირმა ისარგებლოს შეღავათიანი დაბეგვრის პირობებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას აზრით, ნებისმიერი შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მისასალმებელია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია პოტენციური რისკებიც.
"შეღავათები არის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის კერძო სექტორისთვის, თუმცა რისკები მაქსიმალურად უნდა შეფასდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი, რაც შეიძლება ფინანსურად მივიღოთ, მათ შორის, ბიუჯეტის ნაწილში",- განაცხადა დანელიამ.
თუმცა ის 70 მილიონი, რომელსაც, მთავრობის გათვლებით, ბიუჯეტი დაკარგავს დანელიას შეფასებით, მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს არ წარმოადგენს.
"ყველაფერი რაღაცის ფასად ღირს და გრძელვადიან პერიოდში ეს ცვლილებები სერიოზული მასტიმულირებელი იქნება მცირე მეწარმეებისთვის",- განაცხადა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაახლოებით, 70 მლნ ლარით შემცირდება.

























