ქართული ტექნოლოგიით ბაზალტის ძაფისა და მისგან 12-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“ აშშ-ში ექსპორტის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, „ბაზალტ ფაიბერსის“ პროდუქტი 10-ზე მეტ ევროპულ ქვეყანაში და წელს ქართული წარმოების ბაზალტის ძაფის და სხვა პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისრაელსა და აშშ-ში იგეგმება. ივერი ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ამერიკა დიდი ბაზარია და სარეალიზაციო მოცულობების პროგნოზირება რთულია.
„რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა შექმნა, რომ ის რუსული კომპანიები, რომლებიც ამერიკაში ოპერირებენ, ჩავანაცვლოთ. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რაც ტექნიკური შესაბამისობების და ბაზრის მოთხოვნების დაზუსტებას გულისხმობს. ვფიქრობთ, აშშ-ში ექსპორტს წლის ბოლომდე დავიწყებთ. მოცულობები რთული საპროგნოზოა, რადგან ამერიკა საკმაოდ დიდი ბაზარია და ჩვენი შეზღუდვა ჩვენივე წარმადობა იქნება, რაზეც ჩვენი განვითარების სტრატეგია გვაქვს“, - აღნიშნა ივერი ქუცნაშვილმა.
რუსთავში 1998 წლიდან მოქმედი წარმოება დღეისთვის 12-მდე დასახელების პროდუქტს ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს, ბაზალტის არმატურას და არმატურის ბადეს, გეოგრიდებს, დაჭრილ ბოჭკოს, საიზოლაციო ქეჩას და მატრასებს და ბაზალტის ლამინატებს აწარმოებს შედის… ყველა ეს პროდუქტი გარდა ქეჩისა, სხვადასხვა სახის არმირებისათვის ბეტონში, ასფალტში და კომპოზიტურ პროდუქტებში გამოიყენება. წლების გამოცდილებით და ეტაპობრივი ზრდა-განვითარების შემდეგ “ბაზალტ ფაიბერსის” ქართულ პროდუქტს ამ დროისთვის არამხოლოდ საქართველოში იყენებენ, არამედ წარმოების 80%-ი ექსპორტზე ევროპის ათობით ქვეყანაში გადის. 2006 წელს კომპანიამ ქარხანა გერმანიაშიც აამოქმედა და დღეს „ბაზალტ ფაიბერსის“ გერმანული და ქართული წარმოება გერმანულ ჰოლდინგში ერთიანდება.