ბაზარი იაფფასიანი ღვინით არის გადაჭედილი, - ამის შესახებ მეღვინეობის "მარანი 1915 წელი" დამფუძნებელმა მამუკა ქევხიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ბაზარი მნიშვნელოვნად არის გაჯერებული დაბალფასიანი ღვინოებით, რაც ადგილობრივი მცირე მწარმოებლებისთვის კონკურენციას ართულებს. როგორც ქევხიშვილი აღნიშნავს, საცალო ქსელებსა და ბარებში ღვინოს ხშირად 100–150%-იანი მარჟით ყიდიან, რაც საბოლოო ფასს ზრდის და მომხმარებელს უფრო იაფი ალტერნატივისკენ უბიძგებს.
"ბაზარი მთლიანად იაფფასიანი ღვინით არის გადაჭედილი. ჩემი ჩასაბარებელი ფასი 30–35 ლარია, თუმცა საბოლოოდ მაღაზიები და ბარები ძალიან მაღალი მარჟით მუშაობენ, ამიტომ უფრო იაფი ღვინო ურჩევნიათ", - აცხადებს ის.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო მარანი კახეთში, სოფელ კალაურში მდებარეობს. კომპანია 2.5 ჰექტარ ვენახს ფლობს და სრულად საკუთარი ნედლეულით მუშაობს. წარმოებაში შედის მუკუზანის მიკროზონის ვენახებიდან მიღებული ღვინო და ასევე რქაწითელი, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, ასევე ნახევრად მშრალი ღვინოების კატეგორია.
ბიზნესი 2021 წლიდან კომერციულად ამუშავებს ბრენდს, ხოლო 2023 წლიდან უკვე ბოთლირებული პროდუქციაც აქვს. წლიური წარმოება დაახლოებით 1000 ბოთლის ფარგლებშია, თუმცა როგორც მეწარმე ამბობს, გაყიდვები ამ მოცულობასაც სრულად ვერ შეესაბამება და პროდუქციის ნაწილი რეზერვში რჩება. "რეალურად იმდენი გაყიდვა არ გვაქვს, რომ მთელი მოსავალი დავამუშაოთ. ხშირად წარმოება უფრო რეზერვში გვრჩება", - ამბობს ქევხიშვილი.
მისი თქმით, მეღვინეობა თვით დაფინანსებაზეა და ამ ეტაპზე მოგებაზე არ გადის - პირიქით, სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება. კომპანია აქტიურად არ ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, თუმცა მონაწილეობს ღვინის ფესტივალებსა და გამოფენებში, მათ შორის გურჯაანსა და ბოლნისში.
ქევხიშვილის თქმით, საწყის ეტაპზე პროდუქციამ თბილისში, განსაკუთრებით ბარებში, გარკვეული ინტერესი გამოიწვია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე ან განვითარებაზე მეღვინე არ საუბრობს.




























